მაია ცქიტიშვილი - საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის პერიოდში საქმიანობის ნებართვის მისაღებად კომპანიებმა დარგობრივ უწყებებს უნდა მიმართონ
მაია ცქიტიშვილი - საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის პერიოდში საქმიანობის ნებართვის მისაღებად კომპანიებმა დარგობრივ უწყებებს უნდა მიმართონ

საგანგებო ვითარებაში საქმიანობის გაგრძელების მსურველმა კომპანიებმა ნებართვისთვის დარგობრივ უწყებებს უნდა მიმართონ. მიმართვაში ბიზნესმა უნდა აღწეროს, თუ როგორ აპირებს ბიზნესპროცესის დროს თანამშრომელთა დისტანცირებას და მათი უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით დაცვას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის პირობებში ბიზნესსაქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ის პირობები განიხილეს, რაც ოპერირების მსურველმა კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საგანგებო შტაბის ფორმატში შემუშავდა საგანგებო წესები და რეკომენდაციები, რომელთა თანახმადაც ბიზნესის ნაწილი დისტანციურ რეჟიმში უნდა გადავიდეს. მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა იმ დარგებისა და კომპანიების სია, რომელთაც შეუძლიათ, საქმიანობა საგანგებო ვითარებაში გააგრძელონ. თუმცა, სათანადო ნებართვის აღების შემთხვევაში, საქმიანობის გაგრძელება სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ.

ვიცე-პრემიერის განმარტებით, კომპანიებმა, რომლებსაც საქმიანობის გაგრძელება სურთ, ნებართვისთვის დარგობრივ უწყებებს უნდა მიმართონ.

„თუ ვსაუბრობთ, მაგალითად, სასურსათო უზრუნველყოფზე, ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო; თუ ვსაუბრობთ მშენებლობებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეს არის ჩვენი სამინისტრო; კერძო მშენებლობაზე შეიძლება, იყოს მუნიციპალიტეტი ან ეკონომიკის სამინისტრო. მიმართვაში კომპანიებმა უნდა აღწერონ საკუთარი ბიზნესპროცესი. პირველ რიგში უნდა მიუთითონ, რა სახით ახერხებენ სოციალური დისტანცირების დაცვას, რა სახით არის შესაძლებელი და შეზღუდული მათ ბიზნესპროცესში დასაქმებული ადამიანების მინიმალური ფიზიკური ყოფა ორგანიზაციაში – ადგილზე, ობიექტზე და რა სახით ახორციელებს ესა თუ ის ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სტანდარტების დაცვას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება რეგიონებს, მისი თქმით, გადაწყვეტილებას რეგიონში მოქმედი ოპერატიული შტაბი მიიღებს. თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ სადაც შესაძლებელია, ბიზნესოპერაციები უმჯობესია, შეჩერდეს.

„თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს იმ ოპერატიული შტაბების მიერ, რომლებიც რეგიონებშიც ფუნქციონირებენ. შემდეგში ერთიანი ვერტიკალია და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ქვეშ არიან. თუ ვსაუბრობთ ზოგადად მშენებლობაზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიმყოფებით პრაქტიკულად კარანტინის რეჟიმში, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათია შემოღებული იმისთვის, რომ სოციალური დისტანცირება მოვახდინოთ და კონტაქტები შევზღუდოთ. იქ, სადაც სამშენებლო საქმიანობის შეჩერება შესაძლებელია, რა თქმა უნდა, აჯობებს, რომ ჩვენს მუშებზეც ვიზრუნოთ, იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ობიექტზე მუშაობენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, აუცილებლობის შემთხვევაში, როცა საქმიანობის დროებით შეჩერება სრულ პროცესს დიდ ზიანს აყენებს, გამონაკლისები დაიშვება, მაგრამ ეს კარგად უნდა დასაბუთდეს.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით გამონაკლის რეჟიმში. გამონაკლისები დასაშვებია, სწორედ ამიტომ არის შეთავაზებული ეს მექანიზმი, რომლითაც კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს, ეკონომიკის ან დარგობრივ სამინიტროს, მათ შორის, მთავრობის ცხელ ხაზსაც (144), სადაც მიასწავლიან, სად უნდა მოხდეს მიმართვა და განაცხადის განხილვის მერე, როცა დავრწმუნდებით, რომ უსაფრთხოების წესები დაცულია, ასეთ კომპანიებს საქმიანობის საშუალება მიეცემათ“, – განუცხადა ვიცე-პრემიერმა „ბიზნესპარტნიორს“.