მაია ცქიტიშვილი - საერთაშორისო სასამართლოს მიერ მოხდა როგორც ოკუპაციის, ასევე წამების და ყველა სამხედრო დანაშაულის აღიარება
საერთაშორისო სასამართლოს მიერ მოხდა როგორც ოკუპაციის, ასევე წამების და ყველა სამხედრო დანაშაულის აღიარება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპაციის ფაქტს დადასტურება არ სჭირდებოდა, თუმცა ამ დოკუმენტს ხელისუფლება გამოიყენებს საერთაშორისო ტრიბუნებზე.
„ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს დონეზე ადასტურებს იმას, რაც ჩვენ 2008 წლის შემდეგ ყველამ ვიცოდით. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტატუსის და დეოკუპაციის პროცესის საერთაშორისო დონეზე წარმართვისთვის, ზოგადად ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის. საერთაშორისო სასამართლოს მიერ მოხდა როგორც ოკუპაციის, ასევე წამების და ყველა იმ ფაქტის აღიარება, რომელიც ყველას ერთად საშუალებას მოგვცემს, ჩვენი დეოკუპაციის და ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის სტრატეგიის ნაწილი გახდეს. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ წარმატებას მივაღწიოთ დეოკუპაციის მიმართულებით.
ჩვენ ყველამ ვიცოდით ოკუპაციის ფაქტის თაობაზე, ამას არ სჭირდება სასმართლო გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ოკუპაციის ფაქტს დადასტურება არ სჭირდებოდა, მაგრამ საერთაშორისო სასამართლოს დასტური შეეხებოდა ყველა იმ სამხედრო დანაშაულს და წამებას, რომელიც ამ ომის თანმდევი ნაწილი იყო. ჩვენ ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ ეს მტკიცებულებები საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ტრიბუნებზე გამოვიყენოთ. საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაძლიერდეს მას შემდეგ, რაც ჩვენ საერთაშორისო სასამართლოს აღიარება გვაქვს ყველა იმ დანაშაულის, რომელიც მოხდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.