მაია ცქიტიშვილი - როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეზე მეტად მადარდებს ანაკლიის პროექტი
მაია ცქიტიშვილი - როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეზე მეტად მადარდებს ანაკლიის პროექტი

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადება ანაკლიის პორტის ახალ ინვესტორთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

„რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა ასეთი პასუხი. არ იყო არც ასეთი პასუხი ნათქვამი და არც სულისკვეთება გვქონდა ჩვენ ამ შეხვედრაზე. ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით გვაქვს სრული მზაობა და ყველა ღონისძიება, რომელსაც ვახორციელებთ არის მიმართული იმისკენ, რომ ეს პროექტი შედგეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მინდა შევყვე ამ სამწუხარო პოლემიკას ბატონი მამუკას მხრიდან, რადგან ვგრძნობ, რომ ბევრად დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით. ამ პროექტის ბედიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად მადარდებს”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მინისტრმა განმარტა, თუ რა პროცედურა მიმდინარეობს საერთაშორისო ინვესტორთან მიმართებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს წარმოდგენილი აქვს განაცხადი, პროექტში „კონტი ჯგუფის“ ნაცვლად „მერიდიენ კაპიტალ ლიმიტედის“ შემოსვლასთან დაკავშირებით და საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, გვაქვს დაწესებული ვადა, რომლის ფარგლებში უნდა მოვახდინოთ ამ ინვესტორის ფინანსური მდგომარეობის, რეპუტაციისა და სხვა ფაქტორების შესწავლა“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ თავმჯდომარემ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, პროექტის ინვესტორები ოთახიდან გამოაგდო.