მაია ცქიტიშვილი - პარტნიორებს დიდი რწმენა აქვთ ჩვენი წარმატების, მათი პროგნოზებით 2021 წელს შევძლებთ, დავუბრუნდეთ იგივე მაჩვენებლებს, რაც 2020 წლის დასაწყისში გვქონდა
ჩვენი პარტნიორების პროგნოზებით უკვე 2021 წელს ჩვენ შევძლებთ, დავუბრუნდეთ იგივე მაჩვენებლებს, რაც თუნდაც, 2020 წლის დასაწყისში გვქონდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„როგორც ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, მათ ძალიან დიდი რწმენა აქვთ ჩვენი განვითარებისა და წარმატების. მათი პროგნოზებით, უკვე 2021 წელს ჩვენ შევძლებთ, დავუბრუნდეთ იგივე მაჩვენებლებს, რაც თუნდაც, 2020 წლის დასაწყისში გვქონდა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, მთელს მსოფლიოში, ყველა ეკონომისტი და ქვეყანა პროგნოზირებს რეცესიას. ანუ, ეკონომიკის შემცირებას, შენელებას და მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის მაგალითზე, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარი მოაკლდება საქართველოს ეკონომიკას და შესაბამისად, მოაკლდება ბიუჯეტსაც.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ასეთ კრიზისულ პირობებში აქვს არსებული პროგრამის გაფართოება.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული შეთანხმება და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ასეთ კრიზისულ პირობებში გვაქვს არსებული პროგრამის გაფართოებაც კი. მაშინ, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი დამატებით გამოგვიყოფს 375 მილიონ დოლარს. ანუ, ჯამში, წლის ბოლომდე 447 მილიონი დოლარი იქნება ჩვენთვის ხელმისაწვდომი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან და ამ თანხის ჩათვლით, სხვა პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში წლის ბოლომდე, მხოლოდ საბიუჯეტო, ანუ სახელმწიფოსთვის უშუალოდ გაწეული დახმარების საორიენტაციო მოცულობა დაახლოებით, 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის მთავრობის მუშაობის შედეგი, რომელიც მთავრობას რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰქონდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.
„ესენია მსოფლიო ბანკი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, უშუალოდ ევროკავშირი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო. ასევე მნიშვნელოვანი დახმარება არის სხვადასხვა დონორების მხრიდან. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ მინდა, ამ შემთხვევითაც ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მათ ადგილობრივ ოფისებსაც; მათ წარმომადგენლებს, რომლებიც დღესაც საქართველოში იმყოფებიან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ის თანხა, რომელიც წლის ბოლომდე დახმარების სახით იქნება მიღებული, მოხმარდება როგორც საბიუჯეტო დეფიციტის და საჭიროებების დაკმაყოფილებას, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას, სამედიცინო სექტორის მხარდაჭერას და უშუალოდ „კოვიდ 19“-თან ბრძოლას, რასაც უკვე არსებული მონაცემებით 350 მილიონ ლარზე მეტი სჭირდება. ასევე, რა თქმა უნდა, იმ სახელმწიფო პროგრამებს, რომელიც უშუალოდ ბიზნესის მხარდაჭერაზე იქნება მიმართული.