ნებისმიერი სახის აგრესია არის პრობლემა, რომელი მხარის მიმართაც არ უნდა იყოს გამოხატული, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სამართალდამცავების მხრიდან ფაქტზე სწრაფი რეაგირება მოხდა, დაკავებულია, როგორც „ქართული ოცნები“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონფლიქტის მონაწილეები.
„ფიზიკური დაპირისპირება ყოველთვის არის პრობლემა, არჩევნების პოლარიზაციაც არის პრობლემა. ნებისმიერი სახის აგრესია არის პრობლემა რომელი მხარის მიმართაც არ უნდა იყოს გამოხატული. გამოვთქვამ კმაყოფილებას, რომ ამ ფაქტზე სამართალდამცველების მხრიდან იყო დაუყოვნებლივი რეაგირება. დარწმუნებული ვარ, გამოძიება იქნება ობიექტური როგორც ყველა გამოძიება ბოლო პერიოდში”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ აქტივისტებს ახალქალაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაშიც ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანს ადანაშაულებდნენ.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანის ძმა მარტინ მკოიანიმა გაავრცელა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.
ამასთან, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა ენზელ მკოიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის წევრის თქმით, ინციდენტი, რომელიც ახალქალაქში 29 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო.