მაია ცქიტიშვილი - მთავრობასა და პარლამენტს ერთობლივად გვაკისრია პასუხისმგებლობა, 2024 წელს წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად
ჩვენ, მთავრობას და პარლამენტს ერთობლივად გვაკისრია პასუხისმგებლობა – სწრაფად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და უზრუნველვყოთ ქვეყნის განვითარება ისეთი სახით, რომ 2024 წელს წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად,- ამის შესახებ პარლამენტში დარგობრივ კომიტეტებზე მოსმენისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მაია ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიური პარტიების წარმომადგენლები ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ პასუხისმგებლობას გაიაზრებენ და უახლოეს მომავალში საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად აუცილებელია ქვეყნის ფიზიკური დაახლოება ევროკავშირთან და ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია ევროპის სატრანსპორტო ქსელში. რეგიონების ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების დონეში არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა და შემდგომი განვითარების მყარი საფუძვლების შექმნა, ასევე ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ თითოეული ამ მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც რამდენიმე დღის წინ წარდგენილ 2020 წლის ანგარიშშიც აისახა.