მაია ცქიტიშვილი - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 20 მილიარდი ლარი მოხმარდება
მაია ცქიტიშვილი - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 20 მილიარდი ლარი მოხმარდება

2021-2024 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, 1,5 მილიარდი ლარი მოხმარდება რეგიონებში მცირე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას – სოფლის გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგება-წყალარინების, სკოლების, საბავშვო ბაღების, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

„კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მაღალმთიანი და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს, გაგრძელდება ქალაქების მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა, 2024 წლამდე განხორციელდება დამატებით 400 დასახლების გაზიფიცირება, შედეგად 1 400 000-მდე ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს, დამატებით ათასამდე დასახლებაში მცხოვრებ 500 000 ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, გაგრძელდება დასახლებების კომპლექსური განახლების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და განვითარებას. 2021-2024 წლებში დასრულდება აბასთუმნის განვითარების პროექტი, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი, ბაკურიანის ურბანული განახლება. მესტიაში ლაღამის უბნის რეკონტრუქცია და უშგულის თემში კოშკების აღდგენა, თელავის და ველისციხის ცენტრის ურბანული განახლება, კობისა და თრუსოს ხეობის განვითარება და დუშეთის ურბანული განახლების პროექტები. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში,  სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს  სულ ცოტა 20 მილიარდი ლარი მოხმარდება.