მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, დავძლიოთ კორონავირუსი, მაგრამ ამასთან ერთად, შევინარჩუნთ ეკონომიკის მდგრადობა
ჩვენს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის თაობაზე დეკრეტით განსაზღვრული შეზღუდვები, არ ზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვას არც რამდენიმე დღის წინ საცალო ვაჭრობის შეზღუდვასთან მიღებული რეკომენდაცია გულისხმობდა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია, დავძლიოთ კორონავირუსი, მაგრამ ამასთან ერთად, შევინარჩუნოთ ეკონომიკის მდგრადობა.
„ჩვენ შევზღუდეთ მოქალაქეთა ფიზიკური მომსახურება, ბევრ სავაჭრო ობიექტზე, მაგრამ ამასთან ერთად, დავუშვით დისტანციური მომსახურება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩვენი ეკონომიკური სუბიექტი, ბიზნესი ფუნქციონირებდეს დისტანციურად. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო. მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების საერთო მოცულობა აღემატება 2.5 მილიარდ ლარს 2020 წლისთვის. სამი თვის განმავლობაში ამ კვარტლის ჭრილში ჩვენ 400 მილიონამდე პროექტის დაფინანსება შევძელით და დღეის მდგომარეობით, ყველა ეს პროექტი ძალიან კარგი ტემპით და დინამიკით მიმდინარეობს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, დაცული იყოს იმ ადამიანების ჯანმრთელობა, რომლებიც ამ პროექტებზე არიან დასაქმებული და რა თქმა უნდა, ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჯანდაცვის სპეციალისტებისგან, სრულდება ამ ობიექტებზეც. ვეცდებით, გავაგრძელოთ როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, იმ ბიზნეს და ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობა, რომლებიც დღეს საქართველოში არიან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.