მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანი იყო ის აქცენტები, რომლებიც მამუკა ბახტაძემ გაერო-ს ტრიბუნიდან გააკეთა
მნიშვნელოვანი იყო გაერო-ს ტრიბუნიდან მოგვესმინა ქართულად გამოსვლა და მნიშვნელოვანი იყო ის აქცენტები, რომლებიც მამუკა ბახტაძემ გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომელიც რუსეთის მხრიდან ოკუპაციას შეეხებოდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი მიიღოს მთელმა მსოფლიომ.
„პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო დინამიური და მნიშვნელოვანი. ჩემთვის ძალიან სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს გამოსვლა სოხუმის დაცემის დღეს დაემთხვა, როდესაც პრემიერმა უშუალოდ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს მიმართა, რომ მათ გარეშე ქართველებს ჩვენი მომავალი არ წარმოგვიდგენია. მნიშვნელოვანია, რომ მან კიდევ ერთხელ შეძლო, ხაზი გაესვა პროგრესისთვის, დემოკრატიული რეფორმებისთვის, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ და რა მიმართულებაზეც გვაქვს ჩვენ უკვე არჩეული გეზი. ასევე აღვნიშნავდი ინიციატივას თბილისში ფორუმის ჩატარების თაობაზე, რომელიც არ არის მხოლოდ ფორუმი, ეს არის შესაძლებლობა, ჩვენმა ქვეყანამ თავისი თავი დააფიქსიროს და იყოს რეგიონში ბევრი ქვეყნის გამაერთიანებელი. იცით, რომ საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო ადგილი, სადაც მოდავე ქვეყნები ხვდებოდნენ ერთმანეთს, მიდიოდა მოლაპარაკებები. ფორუმი, რომელიც შავი ზღვის მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეეხება, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, მისი საქართველოში ჩატარება იქნება სიმბოლურიც და ჩვენთვისაც ძალიან დამაიმედებელი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.