მაია ცქიტიშვილი - მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძველ გვარდიაზე“ საუბრისას ღარიბაშვილსა და კვირიკაშვილსაც გულისხმობდა
ბიძინა ივანიშვილის მიმართვა კონკრეტულად ღარიბაშვილს ან კვირიკაშვილს არ ეხებოდა, ეს ეხებოდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქვეყანაზე გული შესტიკვა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ძველ გვარდიაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილი არ გულისხმობდა ცალკეულ გვარებს, არც ღარიბაშვილს და არც კვირიკაშვილს, მაგრამ მჯერა, მათაც გულისხმობდა. ვგულისხმობ იმას, რომ მისი მიმართვა არ იყო მიმართული კონკრეტული ადამიანის მიმართ, კონკრეტულად ღარიბაშვილის ან კვირიკაშვილის მიმართ, ეს იყო მიმართვა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა. ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, დღეს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს არა სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს, არამედ ძალადობრივ რეჟიმსა და თავისუფლებას შორის.
„ვფიქრობთ, სამწუხაროდ, დღეს დადგა მომენტი, როდესაც საზოგადოება კვლავ უნდა გაერთიანდეს იმ ფასეულობების დასაცავად, რომელიც 2012 წელს მოვიტანეთ თავისუფლების დასაცავად. მათ შორის იმისთვის, რომ დღეს არ გვეშინია აზრის გამოხატვის, არ გვეშინია, რომ ღიად დაფიქსირდეს პოზიცია მმართველი პარტიის ან ხელისუფლების წინააღმდეგ. ასე რომ, პირადად ჩემთვის ეს არის მთავარი მიღწევა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მოვიტანეთ. სწორედ „ქართული ოცნების“, ჩვენი ქმედებებისა და პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს დადგა დღე, როდესაც ხალხმა ღიად დააფიქსირა თავისი არჩევანი. სწორედ დღეს არის ის დღე, როდესაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ არჩევანი არ დგას ქალბატონ სალომესა და ბატონ ვაშაძეს შორის. არამედ ისევ დადგა მომენტი, როდესაც სიცრუეს სიმართლე და ძალადობრივ რეჟიმს თავისუფლება უნდა დავუპირისპიროთ. ასევე – ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად, „ძველმა გვარდიამაც“ და იმ ადამიანებმაც, ვინც შეიძლება უცნობები იყვნენ, შემდგომ პერიოდში მოიტანეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს, როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდში ყველა ის ცვლილება განხორციელდება, რომელიც მმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად იქნება საჭირო.