მაია ცქიტიშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რადგან მან შექმნა შესაძლებლობა, როგორც სიტყვის თავისუფლება, ისე ზოგადად ადამიანის თავისუფლება იყოს ჩვენი მთავარი ღირებულება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ძალიან დიდია ბიძინა ივანიშვილის წვლილი ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებში. მისი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს დაუბრუნდათ თავისუფლება და დემოკრატიის განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდა.
ცქიტიშვილის თქმით, ახლა „ქართული ოცნების“ გუნდზე არის უდიდესი პასუხისმგებლობა, შეინარჩუნონ განვითარების ის გზა, რომელიც ივანიშვილის მხრიდან იქნა შეთავაზებული პოლიტიკაში მოსვლის პერიოდიდან, კიდევ უფრო განავითარონ ის მიმართულებები, რომელიც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას განსაზღვრავს.
„ჩვენ ყველას გვქონდა საშუალება, ძალიან დეტალურად გავცნობოდით ბიძინა ივანიშვილის არგუმენტაციას, მის ხედვას, რომელიც იყო ჩამოყალიბებული და არავისთვის არ იყო დასამალი, ჯერ კიდევ მისი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან. რა თქმა უნდა, ძალიან დიდია მისი წვლილი, როგორც მთლიანობაში იმ ცვლილებების განხორციელებაში, რომელსაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ. ჩემთვისაც, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც ყველანი ვქმნიდით ერთად, არის, რომ ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დაუბრუნდათ თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება ნამდვილად შეუქცევადი პროცესი გახდა, ეს კი ყველაფერი არის უშუალოდ იმ ევროპული ღირებულებების, ფასეულობების განუყოფელი ნაწილი, რომლისთვისაც ყველანი მივისწრაფვით, ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა ასევე უკვე გამართლებულია დემოკრატიის განვითარების იმ დონით, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი. რაც მთავარია, ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის წვლილი ამ შემთხვევაში ძალიან დიდი იყო.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი პარტიისთვის პარტიის ლიდერის და ამ ცვლილებების განმახორციელებლის წასვლა, დროის რა მომენტიც არ იქნებოდა ამისთვის შერჩეული, არის ძალიან რთული, თუმცა, როგორც ბატონი ბიძინაც აღნიშნავს, მას აქვს ნდობა იმ გუნდის, რომელიც რჩება. უკვე ჩვენზე – იმ გუნდზე, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს წარმოვადგენთ, არის პასუხისმგებლობა უდიდესი იმისა, რომ შევინარჩუნოთ როგორც განვითარების ის გზა, რომელიც მისი მხრიდან იქნა შეთავაზებული ჯერ კიდევ 2011 წელს, როცა ის პოლიტიკასი მოვიდა, ასევე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო განვავითაროთ ის მიმართულებები, რომელიც ჩვენ ევროპულ ინტეგრაციას განსაზღვრავს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, ცქიტიშვილის შეფასებით, პოლიტსაბჭოს მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის დასახელება ბუნებრივია.
„ბატონი ირაკლი პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო წლების განავლობაში, ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრია 2012 წლის დასაწყისიდან, შესაბამისად, ირაკლის არჩევანი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე, არის საკმაოდ გასაგები და ბუნებრივი, ამას ვიტყვი როგორც პოლიტსაბჭოს წევრიც.
პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც, ჩვენს გუნდშიც, რა თქმა უნდა, გვქონდა კონსულტაციები და ბატონი ირაკლის ამ პოზიცაზე არჩევა არის ბუნებრივი გაგრძელება იმ შიდაპარტიული ინსტიტუციური მოწყობის პროცესის, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას პარტიის ყრილობის დროს წარმოადგენენ.
გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა დასმულ კითხვას არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ასეთ შეფასებას ვერ დაეთანხმება.
„ამ შეფასებას ვერასდროს დავეთანხმებოდი ბუნებრივი მიზეზის გამო, რომ არაფორმალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში არც მაშინ იყო და არც ახლა გაგრძელდება. ბატონი ბიძინა თავის წერილში ძალიან ნათლად ხსნის, როგორც მისი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებს, ასევე ცალსახად აღნიშნავს, რომ ის ტოვებს არა მარტო პარტიის თავმჯდომარის პოზიციას, არამედ საერთოდ გადის პოლიტიკური ცხოვრებიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ასევე, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და ოპონენტებს მიმართა:
„რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა არ აპირებს საქართველოს დატოვებას, ასევე, მინდა, ვუპასუხო ყველა იმ ოპონენტს, რომელიც ასეთი ტიპის სპეკულაციურ კომენტარს აკეთებს, სხვადასხვა ვერსიას წარმოაჩენს – დრო გვიჩვენებს ძალიან მალე, ძალიან ნათლად ყველაფერს, თუ რამდენად თანმიმდევრული იყო ყოველთვის მისი გადაწყვეტილებებები, ეს გადაწყვეტილებაც ჩემთვის პირადად ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არის გაგრძელება იმ ხედვის, რომლითაც ის ჯერ კიდევ 2011 წელს პოლიტიკაში მოვიდა. მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად მას, მის ოჯახს იმისთვის, რომ მან გააკეთა დიდი ცვლილებები ამ ქვეყანაში, შექმნა სწორედ შესაძლებლობა იმისა, რომ თუნდაც ამდენი თავისუფალი მედია იყოს, როგორც სიტყვის თავისუფლება, ისე როგორც ზოგადად ადამიანის თავისუფლება იყოს ჩვენი მთავარი ღირებულება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გაავრცელა.