მაია ცქიტიშვილი - შემუშავდება კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში, მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლოს
პირველი ამოცანა არის სამუშაო ადგილებისა და არსებული ბიზნესსაქმიანობის შენარჩუნება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცქიტიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკური მხარდაჭერის 2 მილიარდიან პაკეტზე ისაუბრა და ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებზე გაამახვილა ყურადღება.
„აღნიშნული პაკეტი გულისხმობს, როგორც არსებული ბიზნესსაქმიანობების მხარდაჭერას ამ კრიზისულ პერიოდში, პირველი ამოცანა არის სამუშაო ადგილებისა და არსებული ბიზნესსაქმიანობის შენარჩუნება, მეორე ნაწილი ემსახურებოდა მოქალაქეთა მხარდაჭერას და მოქალაქეთა დახმარებას. თუმცა ჩვენი ვალდებულებაა და აუცილებელია, ვიზრუნოთ იმაზე, მას შემდეგ, რაც ნელ-ნელა დავუბრუნდებით არსებულ ნორმალურ ცხოვრებას, ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ბიზნესის სხვადასხვა სექტორთან და დარგთან მიმდინარეობს მუშაობა, რათა შეთავაზებული მექანიზმები კონკრეტულად მათზე ორიენტირებული და მიზნობრივი იყოს.
„ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ეს არის პროდუქტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთან და ეროვნულ ბანკთან, რათა შემუშავდეს ისეთი კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორის გამოწვევას პასუხობს. საგარანტიო მექანიზმი მთლიანაობაში არის ორიენტირებული დაახლოებით ასევე 2 მილიარდიანი საკრედიტო პორტფელის გადაზღვევისთვის, შესაბამისად, სხვადასხვა ინსტრუმენტით, სხვადასხვა დარგისთვის, სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში, ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით, რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყვნენ გარანტირებული, რომ კომპანიები შეძლებენ საკუთარი სესხების მომსახურებას“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს დაავალა, უახლოეს პერიოდში წარადგინონ საკრედიტო-საგარანტიო სქემა პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად.