მაია ცქიტიშვილი - კომპანიებისთვის დაწესებული 150 ლარიანი სუბსიდია, პირველ რიგში, დასაქმებულების შენარჩუნებას ემსახურება
150 ლარის ოდენობით დავეხმარებით ყველა ორგანიზაციას, ყველა იმ დასაქმებული პირის შესანარჩუნებლად, რომლის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს, – ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სუბსიდია 150 ლარის ოდენობით, პირველ რიგში, მორგებულია იმ კომპანიების საჭიროებებზე, ვისაც ბევრი დასაქმებული ჰყავს.
„თუმცა დახმარება, რა თქმა უნდა, შეეხება მცირე კომპანიებსაც. ღონისძიებათა პაკეტი, ზოგადად, მიმართულია მოქალაქეებისა და კომპანიების დასახმარებლად, ეს კონკრეტული სუბსიდირება კი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ემსახურება იმას, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ დასაქმებულები, არ გაუშვან ისინი უხელფასო შვებულებაში და მით უმეტეს არ დაატოვებინონ სამსახური. ძალიან ბევრი კომპანია სწორედ ამ დახმარების შედეგად შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.