მაია ცქიტიშვილი - ინვესტორის ვალდებულება იყო, სრული დაფინანსება მოეზიდა ანაკლიის პორტის მშენებლობისა და შემდგომი ოპერირებისთვის
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საკუთარი კაპიტალის შევსების მიმართულებით ძალიან კარგი ტენდენციები აქვს გერმანიისა და ნიდერლანდების ბანკებთან მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თემაზე საუბრისას, სახელმწიფოსა და კონსორციუმის თავდაპირველი ვალდებულებები გაიხსენა და სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება.
„ინვესტორის ვალდებულება იყო, სრული დაფინანსება მოეზიდა პორტის მშენებლობისა და მისი შემდგომი ოპერირებისთვის. მოგვიანებით, კონსორციუმის თხოვნითა და შესაბამისი დასაბუთებით, გადაწყდა 100 მილიონი დოლარის სუბორდინირებული სესხის გამოყოფა და ხელშეკრულებაც დაიდო საპარტნიორო ფონდსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის. აქედან გამომდინარე, კონსორციუმის ინფორმაცია დაფინანსების საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ამ 100 მილიონსაც მოიცავს, თუმცა დაფინანსების ძირითადი ნაწილი ის სასესხო რესურსია, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უნდა შემოვიდეს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ კონსორციუმს 400 მილიონის ოდენობით სასესხო კაპიტალი სრულად 2018 წლის 1-ელ იანვარს უნდა შეევსო, თუმცა სახელმწიფო დათმობებზე წავიდა და ეს ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.