მაია ცქიტიშვილი - გვაქვს პასუხისმგებლობა, ანაკლიის პორტზე უსასრულოდ არ გაგრძელდეს ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სირთულეები აქვს ვალდებულებების შესრულებაზე
მაია ცქიტიშვილი - გვაქვს პასუხისმგებლობა, ანაკლიის პორტზე უსასრულოდ არ გაგრძელდეს ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სირთულეები აქვს ვალდებულებების შესრულებაზე

შიდა კაპიტალის შევსებისა და სასესხო ხელშეკრულებების ხელმოწერის ვადა 16 დეკემბერს იწურება, წლის ბოლომდე კი უნდა მოხდეს ე.წ. ფინანსური დახურვა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ჯერ არ არის კონსორციუმისგან რაიმე დამატებითი ინფორმაცია ინვესტორების შესახებ.

„რაც შეეხება ვადებს, არ მინდა შევიდე ზედმეტ შეფასებებში, მაგრამ საკმაოდ რთული პროცესია და ცოტა დროა დარჩენილი, რათა ყველა ვალდებულება შესრულდეს. 31 დეკემბერი არის ის ვადა, როდესაც იწურება ხელშეკრულების მორიგი გახანგრძლივება და მას შემდეგ, უკვე განვახორციელებთ ქმედებებს, რომელიც დადგენილია ხელშეკრულებით. პრაქტიკულად, ორი წლით გახანგრძლივდა ვადა, რომელიც გამოყოფილი იყო პროექტის განხორციელებისთვის და იმის გათვალისწინებით, რომ უკლებლივ ყველანი ვთანხმდებით, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს კიდევ ის პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს იმ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სამწუხაროდ აქვს სირთულეები ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.