მაია ცქიტიშვილი - გეოლოგების დასკვნის მიხედვით გადაწყდება სტიქიის ზონაში რამდენიმე სახლის საკითხი, რომელთა სიახლოვეს წყლის ნაკადი გადის
ორდღიანი სამუშაოების შედეგად, დროებითი შემოვლითი გზების საშუალებით, ოთხ სოფელთან უკვე აღვადგინეთ კავშირი, ორშაბათისთვის ვგეგმავთ დამატებით ორ სოფელთან აღდგეს მიმოსვლა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად, რაჭაში, სტიქიისგან დაზარალებულ ზონაში იმყოფება.
მისი თქმით, რჩება რამდენიმე სოფელი, სადაც ფიზიკურად მისვლა ვერ ხერხდება.
„გვრჩება რამდენიმე სოფელი, ეს არის დიდი და პატარა ღები, შოვი, გლოლა და ჭიორა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ არც მატერიალური რესურსის პრობლემა გვაქვს, არც ტექნიკის და არც კონტრაქტორების, ჩაწყვეტილი გზების მონაკვეთებამდე ჯერ ფიზიკურად ვერ მივდივართ.
ინტენსიური სამუშაოების შედეგად ავარიულ რეჟიმში შევძელით ონის წყალმომარაგების აღდგენა. ჩაწყვეტილი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციის შემდეგ, შეუფერხებლად მოხდება წყლის მიწოდება. აუცილებლობის შემთხვევაში, ვერტმფრენებით ვემსახურებით ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს. პარალელურად, მუშაობენ სპეციალისტები და გეოლოგების დასკვნის მიხედვით გადაწყდება რამდენიმე სახლის საკითხი, რომელთა სიახლოვეს წყლის ნაკადი გადის. შესაძლოა, საჭირო იყოს ამ სახლების გამაგრება ან რამდენიმე ოჯახის გასახლება სამომავლო რისკების თავიდან აცილების მიზნით“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვარაუდით, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება ხუთ დასახლებასთან საავტომობილო კავშირის აღდგენას, მანამდე კი, მუშაობა გაგრძელდება ყველგან, სადაც შიდა საუბნო გზებისა და წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაციაა საჭირო.