მაია ცქიტიშვილი - ფოთის პორტთან კონკურენციას, როგორც ანაკლიის პროექტის განხორციელების ხელშემშლელ მიზეზს გამოვრიცხავ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, პარლამეტის პლენარულ სხდომაზე, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე იასუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ვიცე-პრემიერმა პასუხი გასცა ასევე ფოთის პორტისა და ანაკლიის პორტის შესახებ დასმულ შეკითხვას.
„როდესაც ანაკლიის პროექტი დავიწყეთ ფოთისა და ბათუმის პორტები უკვე არსებობდა, ამის შესახებ იცოდა როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, ისე იმ 12-მა კომპანიამ, რომელმაც გამოთქვა ინტერესი. ასე, რომ ეს არავისთვის ყოფილა სიახლე. უფრო მეტიც – ფოთი, რამდენიმე წლის განმავლობაში აცხადებს გეგმებს გაფართოების შესახებ, სამწუხაროდ ამ გეგმების რეალიზაციას ჩვენ ვერ ვხედავთ. ფოთის და ბათუმის პორტების პრივატიზება თქვენი ხელისუფლების დროს განხორციელდა და კარგად იცით, რომ ამ ხელშეკრულებებში არ არის ჩადებული არანაირი პირობა იმისათვის, რომ სახელმწიფომ რამენაირად შეზღუდოს ამ პორტების საქმიანობა და როდესაც თებერვალში გამოცხადდა კონსორციუმი გამარჯვებულად, მარტში უკვე მოგვმართა თხოვნით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის მიგვენიჭებინა ექსკლუზივი და ჩვენ რა თქმა უნდა ვთქვით უარი. ამიტომ დღეს რა განცხადებებიც კეთდება, რომ ფოთის პორტს, ჩხარტიშვილს, ივანიშვილს ან კიდევ სხვას აქვს ინტერესი – არის სპეკულაცია“,- განაცხადა მინისტრმა პლენარულ სხდომაზე.
ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ერთი ინვესტორის სასარგებლოდ სხვა ინვესტორისა და სხვა კერძო ოპერატორის უფლებების შეზღუდვა მიუღებელია.
„თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უნდა შეექმნა ტვირთების დამატებითი ნაკადი. და როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ფოთის პორტი ამუშავებს შავ ზღვაზე არსებული გემების მხოლოდ 25% -ს, ეს ნიშნავს, რომ არ გვაქვს შესაბამისი პარამეტრების და ტექნიკური აღჭურვილობის პორტები, ეს არ ეხება მხოლოდ სიღრმეს, ეხება ასევე საფასო პოლიტიკას, მომსახურების ხარისხს და ა.შ. ანაკლიის პორტს სწორედ ეს ნაკადები უნდა შეექმნა და ამიტომ ვსაუბრობთ ანაკლიის განსაკუთრებულ შესაძლებლობაზე, როგორც ეკონომიკური ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.