მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვართ, საპატრიარქო მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარეობს
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, ხდება სოციალური დისტანციის დაცვა ეკლესიებში, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„მაშინ, როდესაც სხვა დღეებშიც მიმდინარეობს წირვა, ან სხვა საეკლესიო რიტუალები. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ უშუალოდ ეკლესია, საპატრიარქო, პირველ რიგში, არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, ასევე გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას და საჭიროებას, რომელსაც ჯანდაცვის ექსპერტები გვეუბნებიან. შესაბამისად, საპატრიარქო სწორედ ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე მიიღებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე აქვთ მიღებული და, რომელიც მისაღებია უახლოესი დღეებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ამ განცხადებით მაია ცქიტიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ მიმდინარეობდა ბოლო დღეების განმავლობაში კონსულტაციები ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, რაზე მოხდა შეჯერება აღდგომის ღამის ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით და რა გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ ხვალისთვის საპატრიარქოს მხრიდან.
მისი თქმით, ხელისუფლება და საპატრიარქო ერთმანეთს უცვლიან ინფორმაციას დაავადების მიმდინარე დინამიკასთან და საჭიროებებთან დაკავშირებით.
„რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ვუზიარებთ ინფორმაციას მოსალოდნელ პროგნოზთან მიმართებაშიც და დარწმუნებული ვართ, საპატრიარქო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეკითხვაზე, რა არის ის „ოქროს შუალედი“, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დღეს რამდენჯერმე ახსენა და რომლის დაცვაც ახლა მთავრობის მთავარი მიზანია, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი სოციალური დისტანცირებაა და აქედან გამომდინარე, მთავრობა კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ სახლში დარჩნენ.
„ეს შეზღუდვა, რა თქმა უნდა, არ ვრცელდება უშუალოდ და მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო რიტუალებზე. ეს შეზღუდვა ვრცელდება უკლებლივ ყველა საქმიანობაზე და ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ჩვენი მოქალაქე იღებს. შესაბამისად, თუ მოქალაქეს არ აქვს აუცილებელი და გადაუდებელი საქმე, ჩვენი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ მოქალაქე სახლში დარჩეს. ამ შემთხვევაში, ეს არის ექიმების მითითება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.