მაია ცქიტიშვილი - დამოკიდებულება წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემების მიმართ არის შეცვლილი, დაფინანსება არის მნიშვნელოვნად გაზრდილი
მინისტრად დამტკიცების დღიდან წყალმომარაგებაზე ვსაუბრობდი როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტზე, თუმცა სამწუხაროდ, წლების განმავლობაში წყალზე საკმაოდ მცირე თანხები იხარჯებოდა. ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ეს დინამიკა და როგორც გითხარით, 2019 წელს უკვე 30 პროცენტით გავზარდეთ წყლის პროექტების ბიუჯეტი, ანუ თუ შარშან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დააფინანსა 166 მილიონი ლარის პროექტები, წელს ჩვენი ბიუჯეტი 218 მილიონი ლარი იყო, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვების პასუხად.
როგორც მან აღნიშნა, წლის ბოლომდე მოხდება ბიუჯეტის კორექტირება და სამინისტრო შეასრულებს 240 მლნ ლარზე მეტი ღირებულების წყალგაყვანილობის სამუშაოებს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან 300 მილიონი ლარის გამოყოფაზე რათა შესაძლებელი იყოს უკვე გამზადებული პროექტების განხორციელება.
„მუნიციპალურ დონეზე, რეგფონდის ნაწილშიც ვფიქრობთ სპეციალური ქვეპროგრამის შექმნას, რათა დამატებით სტიმული მივცეთ მუნიციპალიტეტებს წყალმომარაგებაზე მეტი რესურსის დასახარჯად. გვინდა, დავაფინანსოთ სამუშაოები უკვე არსებული სათავე ნაგებობების მოსაწესრიგებლად, მივცეთ დამატებითი საშუალება მუნიციპალიტეტებს, რათა ეს სისტემები მოიყვანონ სასმელი წყლის სტანდარტთან შესაბამისობაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე უპასუხა სამტრედიისა და ყაზბეგის წყლის სისტემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და აღნიშნა, რომ ორივე პროექტზე არსებობს დონორი – გერმანიის განვითარების ბანკი. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და სავარაუდოდ 2020 წლის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი ამ პროექტირების დაწყება.
„წყლის პროექტებთან მიმართებაში პრობლემაა ისიც, რომ ასეთი პროექტები არის საკმაოდ მაღალი ღირებულების, ორივე ამ პროექტზე – სამტრედიისა და ყაზბეგის პროექტებს ვგულისხმობ, საორიენტაციოდ 70-80 მლნ ევროა საჭირო. ამიტომ გვჭირდება დონორებთან მუშაობა. წყლის პროექტების განხორციელება ტექნიკურადაც რთულია და მეტი დრო სჭირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ დამოკიდებულება წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემების მიმართ არის შეცვლილი, დაფინანსება არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და ჩვენ ვაპირებთ მომავალშიც ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.