საქართველოს მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით დღეს პირველად იმართება.
მისი თქმით, ვიცე-პრემიერის თანამდებობს დაიკავებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
„პირველ რიგში, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს უფრო მეტად გააძლიერებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე გაიმართება.
„დღეს ნდობის გამოცხადების შემდეგ პირველი კვირაა, ამიტომ შევხვდით პარასკევს, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ მთავრობის სხდომები იქნება ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე და ვფიქრობ, ეს ყველასთვის მოსახერხებელი იქნება, მათ შორის მედიისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.