მაია ცქიტიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეზღუდვები მოქმედებდეს მინიმალური პერიოდით, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, შეზღუდვები არ მოქმედებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და არც იმ ბიზნესსუბიექტებზე და მათ ეკონომიკურ საქმიანობაზე, რომლებიც აწარმოებენ ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან პროდუქციას.
ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სოციალური დისტანცირების რეკომენდაციის გათვალისწინების აუცილებლობას.
„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამუშაოები პირველყოვლისა არ ჩერდება იმის გამო, რომ ისინი ძირითადად ღია სივრცეში მიმდინარეობს და რისკი ნაკლებია, თუმცა იქაც სოციალური დისტანცირება ერთ-ერთი აუცილებელი მითითებაა, რასაც ვაკონტროლებთ. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი კი არის ის, რომ ამ ეპიდემიიდან გამოვიდეთ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით ნაკლები დანაკარგით, არამედ ჩვენი ეკონომიკის მინიმალური ზიანით“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.