მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მაია ცქიტიშვილი მონაწილეობას მიიღებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში და სიტყვით გამოვა „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ლი სიაოპენგი ხელს მოაწერენ 2019 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“.
დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამშენებლო კორპორაციის თავმჯდომარესთან.
ვიზიტისას განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდება საქართველოს ეკონომიკურ და სავაჭრო პოტენციალზე და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომებსა და გეგმებზე.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მაია ცქიტიშვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.