მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, საზოგადოება გაერთიანდეს იმ საერთო პრობლემების დასაძლევად, რომელიც პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველასთვის ერთია
მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, საზოგადოება გაერთიანდეს იმ საერთო პრობლემების დასაძლევად, რომელიც პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველასთვის ერთია

დავინახე ანალიზი იმ მოვლენების, რომელიც ბოლო 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გაერთიანდეს იმ საერთო პრობლემების დასაძლევად, რომელიც პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად ერთია ყველასთვის, – ასე შეაფასა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დღეს გამოქვეყნებული ღია წერილი

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეროვნული სულისკვეთების ნიადაგზე საზოგადოების კონსოლიდაცია აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი გავხადოთ.

„როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებასა და იმაზე, თუ რას გვინდა მივაღწიოთ, მოგვყავს განვითარებული ქვეყნების მაგალითი. მართალია, ამ ქვეყნების დემოკრატიის დონესთან ჩვენი მენტალობითა და სულისკვეთებით, ვართ ძალიან ახლოს, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ამის მიზეზი ბევრია. ესაა პრობლემები განათლების სფეროში; კომპეტენციებისა და კვალიფიკაციის ნაწილში, რაც სჭირდება სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის განვითარებას. ბევრ რეგიონში ჯერაც არ გვაქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე, უსაფრთხო გზებზე, საბავშვო ბაღებზე, ანუ ელემენტარულ ინფრასტრუქტურაზე. ეს აჩვენებს ზუსტად იმას, რომ ხშირად ეკონომიკური განვითარება არ შეესაბამება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამ შეუსაბამობას, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, არაკეთილსინდისიერად იყენებენ ოპონენტები და ცდილობენ ნეგატიური მუხტი შევიდეს საზოგადოებაში, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, მაგრამ ნამდვილად არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარების ძირითად სტრატეგიას და ხედვას,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.