მაია ცქიტიშვილი - აუცილებელია, შეწყალების პროცესი უფრო გამჭვირვალე და მკაფიო კრიტერიუმებზე დაფუძნებული გახდეს
რაც უფრო ვუღრმავდებით შეწყალების საკითხს, კიდევ უფრო მეტი კითხვები ჩნდება, როგორც შეწყალებულთა ვინაობასთან, ასევე მათი შეწყალების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის გასამართლებული და ძებნილი პირის შეწყალებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კითხვებზე პასუხს ყველა ელოდება.
„ბუნებრივია, როგორც ადამიანს, მიჩნდება კითხვა, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები – დედები, ახალგაზრდები, რამდენად დაიმსახურა იმ 35-მა ადამიანმა შეწყალება რამდენიმე ათას ადამიანს შორის, რომელმაც მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. ყველანი ველოდებით ამ კითხვებზე პასუხებს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან ვიცე-პრემიერი ამ საკითხზე გამოძების დაწყებას მიესალმება, ასევე მიიჩნევს, რომ შეწყალების პროცესი მეტად გამჭვირვალე უნდა გახდეს.
„მივესალმები, რომ გამოძიებაც არის დაწყებული უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ვფიქრობ, გამოძიების ფარგლებში სიღრმისეული შესწავლა მოხდება და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. ამასთან, ჩემთვის პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ საზოგადოება არის ბევრად უფრო გააქტიურებული ასეთი საკითხების მიმართ, ბევრად უფრო მეტს ვითხოვთ ხელისუფლებისგან. ზოგადად, აუცილებელია, რომ შეწყალების პროცესი გახდეს ბევრად უფრო გამჭვირვალე და მკაფიო კრიტერიუმებზე დაფუძნებული, საერთო კონსენსუსიც უნდა შედგეს, რა სახის დანაშაულებზე არ უნდა გავრცელდეს შეწყალება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დისკრეციაა, მაგრამ ასეთი კითხვებისგან თავი რომ დავიცვათ, საჭიროა, შევთანხმდეთ როგორც პროცედურებზე, ასევე კრიტერიუმებზე. ამ ეტაპზე, ვერანაირად გავაკეთებ შეფასებას ვერც შესაძლო კორუფციაზე, ვერც იმაზე, ვინ უნდა გამოიკითხოს და ვინ არა. ეს გამოძიების ფარგლებში უნდა გადაწყდეს და, რა თქმა უნდა, გამოძიების ამოცანაც არის ის, დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას“, – აღნიშნა ვიცე პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.