მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის კონსორციუმის ქართულ მენეჯმენტს, რომლებსაც კარგი განათლება აქვთ, პორტი არასდროს აუშენებიათ
ანაკლიის კონსორციუმის ქართულ მენეჯმენტს, რომლებსაც კარგი განათლება აქვთ, პორტი არასდროს აუშენებიათ, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, დღეს ანაკლიის პროექტის და კონსორციუმის გაიგივება ხდება მამუკა ხაზარაძესთან.
„მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ამ პროექტში 42%-ით არის შესული ის კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მამუკა ხაზარაძე, ხოლო მეორე დიდი წილი, ასევე თანაბარი წილი 42%-ის ოდენობით, დღეის მდგომარეობით ფიქსირდება „კონტი ჯგუფზე“. ინტერესთა გამოხატვის პირობა ამბობდა, რომ კომპანიას, რომელიც გაიმარჯვებდა ამ ტენდერში, უნდა ჰქონოდა სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება მსგავსი ტიპის პროექტების მშენებლობა-ოპერირებაში და ფინანსების მოზიდვაში. უნდა ჰქონოდა გამოცდილება პორტის, ერთი ან მეტი პორტის განვითარებასა და მართვაში, საზღვაო ტრანსპორტთან და მსგავს ოპერაციებთან დაკავშირებული გამოცდილება. გარდა ამისა, ყველა ფინანსური დოკუმენტაცია, უწყისი, თავად კონსორციუმის ფინანსური მდგომარეობა უნდა ყოფილიყო ისეთი სახით შედგენილი და წარმოდგენილი, რომ სახელმწიფო ყოფილიყო დარწმუნებული, რომ ფინანსური მდგომარეობა ამ კონსორციუმის იყო იმგვარი, რომელიც უზრუნველყოფდა ასეთი დონის პროექტის შესრულებას, ამ ტიპის დაფინანსების მოზიდვას. როდესაც სამთავრობო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე, „კონტი ჯგუფი“, მისი ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილება, მათ შორის პორტების მშენებლობის და ოპერირების ნაწილში იყო სწორედ ის მიზეზი, რატომაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა ამ ტენდერში“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა, თუმცა მისი თქმით, დღეს „კონტი ჯგუფი“ აქტიურად არ არის ჩართული პროექტის განხორციელებაში და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი წარმოდგენილია მხოლოდ ქართული მენეჯმენტის სახით, რომელსაც არ აქვს გამოცდილება, რაც საჭიროა მსგავსი პროექტის განსახორციელებლად.
„ამ ადამიანებს აქვთ ძალიან კარგი განათლება, უნარი პროექტების მართვის, მაგრამ არასოდეს არ განუხორციელებიათ პორტის მშენებლობა, არც საქართველოში, არც მის ფარგლებს გარეთ. ეს არის ერთი პრობლემა სწორედ სტრატეგიული ინვესტორის ნაკლებობის, რომელიც ამ პროექტში უნდა ყოფილიყო. „კონტი ჯგუფიც“ იყო წარმოდგენილი, როგორც ამ პროექტის სტრატეგიული ინვესტორი, რაც ნიშნავს, რომ სწორედ თავისი ფინანსური სიძლიერით, გამოცდილებით და პორტფელით უნდა ყოფილიყო გარანტორი ბანკებისთვის, რითაც პროექტის წარმატება იქნებოდა მიღწეული“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.