რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
მინისტრის თქმით, გზა დაზიანებული იყო და ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას ვერ უზრუნველყოფდა.
„პრაქტიკულად დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გზა იყო ძლიერ დაზიანებული და დაორმოებული, ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. რეაბილიტაციის შემდეგ სრულად მოგვარდება არსებული პრობლემები. პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზობში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სავარაუდოდ, პროექტი ვადაზე ადრე დასრულდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 10 188 800 ლარია.