ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რა თქმა უნდა, არის ევროპული პროექტი და დამატებითი შესაძლებლობა ევროპელი და აზიელი ბიზნესმენებისთვის, რათა ისინი ერთმანეთს საქართველოს გავლით დაუკავშირდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ანაკლიის პორტის პროექტის მხარდასაჭერად ძალისხმევას არ იშურებს.
„მნიშვნელოვანია, დავაკავშიროთ ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა პორტებთან, საიდანაც შემდეგ დავუკავშირდებით ევროპას. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ევროპელი, აზიელი ბიზნესმენებისთვის, რათა ისინი დაუკავშირდნენ ერთმანეთს საქართველოს გავლით. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ გახლავთ ის, რომ კერძო კონსორციუმს დავუჭიროთ მხარი, კერძო ბიზნესს, რომელიც ჩაბმულია ამ პროექტის განხორციელებაში და იგი შეიცავს როგორც ფინანსურ, ასევე პოლიტიკურ ძალისხმევას, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმისთვის, რათა შევაგროვოთ საჭირო თანხები და არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ საუკეთესი გარემო შევქმნათ, მხარი დავუჭიროთ კერძო ინვესტორებს ამ პროექტის განხორციელებაში.
ეს ძალიან რთულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ კერძო ინვესტორები და ყველა დაინტერესებული მხარე გაიღებს გარკვეულ კომერციულ რისკებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაანეიტრალებენ ამ რისკებს. სახელმწიფო კი, ყველაფერს გააკეთებს, რათა სახარბიელო საფუძველი შეექმნას ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.