მაია ცქიტიშვილი - ამა თუ იმ პირის დასჯა არა პოლიტიკური ძალების სურვილის მიხედვით, არამედ ობიექტური გამოძიების შედეგად უნდა მოხდეს
მაია ცქიტიშვილი - ამა თუ იმ პირის დასჯა არა პოლიტიკური ძალების სურვილის მიხედვით, არამედ ობიექტური გამოძიების შედეგად უნდა მოხდეს

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი არ ეთანხმება იმ პოლიტიკოსთა მოსაზრებას, ვინც აცხადებს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების პროცესში „ჯოხის გადატეხვა“ შედარებით დაბალი რანგის თანამდებობის პირებზე ხდება.

ჟურნალისტების კითხვა შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ეხებოდა.

„ვერ დავეთანხმები ოპონენტებს, რომლებიც ჯოხის გადატეხვად აფასებენ კონკრეტულად ამ საკადრო გადაწყვეტილებას. მიმდინარეობს გამოძიება ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ პროცესში ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რათა გამოძიების სრულ ობიექტურობას შევუწყოთ ხელი. გარდა ამისა, გამოძიება აჩვენებს შემდგომში, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, საერთოდ რასთან გვქონდა საქმე – სისტემურ დარღვევებთან თუ ცალკეულ შემთხვევებთან. გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე დადგება ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის სწორედ ის მიდგომა, რომელსაც ყველა სამართლებრივი სახელმწიფო მიჰყვება და რასაც ჩვენც უნდა შევეჩვიოთ, რომ ამა თუ იმ პირის დასჯა არა პოლიტიკური ძალების სურვილის მიხედვით, არამედ ძალიან დეტალური, გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების შედეგად უნდა მოხდეს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.