მაია ცქიტიშვილი - ამ ეტაპზეც ვუშვებთ სამშენებლო საქმიანობას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ოღონდ მოთხოვნები და პირობები უფრო მკაცრი იქნება
მაია ცქიტიშვილი - ამ ეტაპზეც ვუშვებთ სამშენებლო საქმიანობას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ოღონდ მოთხოვნები და პირობები უფრო მკაცრი იქნება

ამ ეტაპზეც ვუშვებთ სამშენებლო საქმიანობას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ოღონდ, ამ შემთხვევაში მოთხოვნები და პირობები უფრო მკაცრი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„წინა შეზღუდვებზეც ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალურად დაგვეცვა ბალანსი ეკონომიკურ საქმიანობასა და ვირუსის პრევენციას შორის. სამწუხაროდ, არ მივეკუთვნებით იმ ქვეყანათა სიას, რომლებსაც შეუძლიათ, მთლიანად გათიშონ თავიანთი ეკონომიკა და შემდგომში, ბიზნესებს, ან მოქალაქეებს სრულად დაუკომპენსირონ მიყენებული ზიანი. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზეც ვუშვებთ როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე სამშენებლო საქმიანობას, ოღონდ, ამ შემთხვევაში მოთხოვნები და პირობები უფრო მკაცრი იქნება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, კონტრაქტორებმა უნდა დაიცვან ელემენტარული წესები, რაც არც თუ ისეთი რთულია.

„როგორც სახელმწიფოს დაკვეთით შესასრულებელ პროექტებზე, ასევე კერძო პროექტებზე, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში კონტრაქტორს მოუწევს საქმიანობის გაგრძელებაზე ნებართვის მიღება ოპერატიული შტაბებიდან, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში ფუნქციონირებს. მათ მოუწევთ იმის მტკიცება და ჩვენება, რომ ზედმიწევნით ასრულებენ ყველა რეკომენდაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. მინდა, კონტრაქტორები დავამშვიდო, რომ ისინი არ მიეკუთვნებიან ე.წ. აკრძალული საქმიანობების ნუსხას. ანუ, სამშენებლო სამუშაოები დაშვებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ უნდა დაიცვან ელემენტარული წესები, რომლებიც არც თუ ისეთი რთულია. ეს არის პერსონალური დაცვის საშუალებები – პირბადეები, ხელის დაბანის საშუალება თანამშრომლებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირება, შესაბამისი წესების დაცვით“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დადგენილი წესების დაცვის შემთხვევაში, მთავრობა მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ობიექტების მშენებლობის გაგრძელებას, რადგან ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები ქართული ეკონომიკის ძალიან დიდი შემადგენელი ელემენტია და ძალიან ბევრი დასაქმებული ადამიანის შემოსავალს განსაზღვრავს.

„ასევე, იფუნქციონირებს ძალიან ბევრი დარგი და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც მშენებლობის სექტორზე არის დამოკიდებული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ უზრუნველყოფს სტრატეგიული ობიექტების თანამშრომელთა სამსახურში გადაყვანას, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მუშაობას ჯერ ისევ განაგრძობენ, რადგან მეტრო და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ თითოეული ასეთი რეჟიმის ფუნქციონირება განსაზღვრულია და შეთანხმებული იქნება ოპერატიულ შტაბთან, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის კოორდინირებას უზრუნველყოფს.

„როდესაც სტრატეგიულ ობიექტებზე, ან თუნდაც, სასურსათო მაღაზიებზე და სააფთიაქო ქსელზე ვსაუბრობთ, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს მივეცით პირადი მანქანებით გადაადგილების საშუალება. ისევე, როგორც ტაქსებით გადაადგილებაა ხელმისაწვდომი. თუმცა, როდესაც საქმე გვაქვს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან, ამ მსხვილ დამსაქმებლებთან, ბუნებრივია, გვაქვს იმედი, რომ დამსაქმებლები თავიანთ თანამშრომლებს შესთავაზებენ უკვე ერთიანად გადაყვანას, რა თქმა უნდა, ყველა წესის დაცვით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა ქვეყანას სასურსათო პროდუქციის დეფიციტი, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს.