მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს, აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება, სწორედაც მნიშვნელოვანია, რომ ის ექსპლუატაციაში მალე შევიდეს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის პროექტი არის ჩვენს კონსტიტუციაში, იმის გათვალისწინებით, რომ ყველანი ვთანხმდებით, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება მალე. მათ შორის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და მის დამფუძნებლებსაც თავადაც არაერთხელ გაუკეთებიათ კომენტარები, რომ როდესაც შავ ზღვაზე აქტიური კონკურენციაა პორტებს შორის, ამ დროს ჩვენ გვჭირდება, რომ ეს პორტი სწრაფად დავიწყოთ, შევიყვანოთ ექსპლუატაციაში“ ,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქვს პრობლემები დაფინანსების მოპოვების თვალსაზრისით და ეს პროცესი ბოლო ორი წელია, გრძელდება.
„ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტის სისრულეში მოყვანა. აქედან გამომდინარე, როდესაც ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ ხდება გადავადება, როდესაც ორწლიანი ვადა იწურება ამ თვის ბოლოს, არავითარი პერსპექტივა არ ჩანს არც ბანკებისგან 400 მილიონიანი სესხის მიღების, არც 120 მილიონი საკუთარი კაპიტალის მოზიდვის, ახალი ინვესტორის შემოყვანის, შესაბამისად, პორტის ოპერატორის შემოყვანის და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის პასუხისმგებლობაც, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, კონკრეტულ ინვესტორთან ურთიერთობის გაწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პროექტის ჩაშლას. რაც შეეხება საარბიტრაჟო სასამართლოში შესაძლო დავას, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სამწუხარო იქნება თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს კონსორციუმი, რადგან ეს ნამდვილად შეაფერხებს პროექტის სწრაფად განხორციელებას.
ამასთან, მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელის, ლევან ახვლედიანის განცხადებას, რომ პოლიტიკური ინტერესი ყველამ გვერდზე უნდა გადადოს.
„მაშინ, როდესაც კონსორციუმი აცხადებს, და მე ვნახე დღეს ბატონი ლევანის კომენტარი, პოლიტიკური ინტერესები გვერდით უნდა გადავდოთ, პროექტზე ვიფიქროთ, ვეთანხმები სრულიად. პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური თამაშები, რაიმე სახის საკუთრებაში ამ პროექტის მიწერა გვერდზე გადავდოთ, ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებზე და აღიარონ, რომ ვერ ახორციელებენ ამ პროექტს, მისცენ სახელმწიფოს საშუალება, ყოველგვარი დავის გარეშე გადავიდეს პროექტის შესრულების შემდეგ ფაზაზე“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, რა მოხდება, თუ 31 დეკემბრამდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ინვესტორს არ წარადგენს, ცქიტიშვილმა ასე უპასუხა: „აქ არ არის მხოლოდ ახალი ინვესტორის მოზიდვაზე საუბარი, აქ საუბარი იმაზე, რომ 600 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მთლიანობაში ნასესხები, თუ საკუთარი ფულის სახით, არის განსახორციელებელი, რათა ეს პროექტი დაიწყოს. სამწუხაროდ, ამის განხორციელების რესურსი კონსორციუმს არ აქვს. ჩვენ ამის მომსწრეები ვართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“ ,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა და დასძინა, ანაკლიის პროექტს საფრთხე რომ არ შეექმნას, დროული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
„რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ვხედავთ, რომ კონსორციუმი ვერ ახერხებს თავისი ვალდებულებების შესრულებას, ის არსებული შეთანხმება, საინვესტიციო ხელშეკრულება და ყველა მისი მუხლი ამოქმედდება, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდეგი გადავადება ვერ დადგება. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენებთ იმ უფლებებს, რასაც გვანიჭებს კინკრეტულად ეს ხელშეკრულება. ამ კონკრეტულ ინვესტორთან ჩვენი ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს პროექტის ჩაშლას“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, მთავრობა აუცილებლად წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, თუმცა უნდა დაელოდონ 31 დეკემბერს, რა დროსაც იწურება ვადა, როცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სასესხო ხელშეკრულებები სრულად უნდა წარმოადგინოს.
შეგახსენებთ, დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში, პროექტის განხორციელების პროცესში ვადები მნიშვნელოვანი არ არის და პოლიტიკური ინტერესი ყველამ გვერდზე უნდა გადადოს.
ამ საკითხზე განცხადება გააკეთა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმაც. ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოსთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია.
ჭუმბურიძის განმარტებით, თუ 31 დეკემბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ შეუჩერდება უფლებამოსილება, მაშინ მთავრობამ საზოგადოებასა და ბიზნეს წრეებს უნდა წარუდგინოს თავისი ხედვა, გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან.