მაია ცქიტიშვილი - 2020 წლის არჩევნებიც უმაღლესი სტანდარტით, სანიმუშოდ ჩატარდება, გვეყოლება ბევრი დამკვირვებელი
ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებსაც წინა არჩევნების მსგავსად გამჭვირვალედ ჩაატარებს.
„ჩვენ ჩავატარებთ ამ არჩევნებს ისევე, როგორც ვატარებდით 2013 წლიდან დაწყებული. ყველა ის არჩევნები როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საკანონმდებლო არჩევნები, ადგილობრივი საკრებულოსიც იყო შეფასებული როგორც გამჭვირვალე და ძალიან სამართლიანი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ აისახება პანდემია ამ მიმართულებით.
ცქიტიშვილის თქმით, ქვეყანას არჩევნებზე ეყოლება იმაზე მეტი დამკვირვებელი, ვიდრე პანდემიის პირობებში ამა თუ იმ ქვეყანამ შეიძლება, უზრუნველყოს.
„რაც შეეხება ინფორმაციას ევროსადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით, იცით, რომ კოვიდი არის მთელ მსოფლიოში. კოვიდის პანდემია ყველა სტრუქტურის და ყველა ინსტიტუციის საქმიანობა აისახება. იცით, რომ სხვა ორგანიზაციებმა – „ენდიაიმ“, „აირაიმ“ არ გამოაგზავნეს დამკვირვებლები და ისინი არჩევნებზე დაკვირვებას განახორციელებენ ადგილობრივი დამკვირვებლების მეშვეობით, რომლებიც მათი ეგიდით მუშაობენ.
გარდა ამისა, მოგეხსნებათ, რომ ჩვენ გვეყოლება სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ნატო-ს ასამბლეადან, ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეადან, ეუთო-დან და ოდირიდან. რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში აკვირდებიან ამ არჩევნებს, ასევე, საელჩეობის მეშვეობით, აგრეთვე გვეყოლება სხვადასხვა სტრუქტურიდან ჩამოსული დამკვირვებლები.
ჩვენ არჩევნებზე გვეყოლება ძალიან ბევრი დამკვირვებელი, იმაზე მეტი, ვიდრე პანდემიის პირობებში ამა თუ იმ ქვეყანამ შეიძლება, უზრუნველყოს. გარდა იმისა, რომ საქართველოს არჩევნებთან საერთაშორისო ინტერესი არსებობს, ჩვენი, როგორც ხელისუფლების, ინტერესია, რომ ვუზრუნველყოთ საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება. ამისთვის ჩვენ გვაქვს შეთანხმებული უსაფრთხოების სტანდარტები, რომლებიც იქნება უზრუნველყოფილი ყველა საარჩევნო უბანზე, ყველა დამკვირვებლის მუშაობის პროცესში. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ მათ ტრანსპორტირებას, დავეხმარებით ჩარტერული რეისებით.
იცით, ჩვენ ვნიშნავთ დამატებით სიხშირეებს, რომ უშუალოდ დამკვირვებლებმა უსაფრთხოდ შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა. ასე რომ, მინდა, დავამშვიდო ჩვენი ამომრჩეველი, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, ეს იქნება ნამდვილად სანიმუშო არჩევნები, თავისუფალი, დემოკრატიული, რომელსაც ეყოლება საერთაშორისო დამკვირვებელი, ადგილობრივი დამკვირვებელი და როგორც ოდირმა უკვე წინასწარ შეაფასა წინასაარჩევნო გარემო ძალიან პოზიტიურად, ეს არჩვენებიც ასევე ძალიან კარგად იქნება შეფასებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.