მაია ცქიტიშვილი - 2019 წლის პირველ ოთხ თვეში, სამინისტრომ 350 მილიონის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები შეასრულა
2019 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ჩვენ მიერ შესრულდა 350 მილიონის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც 100 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, კარგი დინამიკაა თვითმმართველობების მიერ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.
„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფა მიმდინარეობს ბევრად დაჩქარებული ტემპით, რაც განპირობებულია ჩვენი ცვლილებებით – როგორც პროექტების მენეჯმენტის ნაწილში, ასევე შესყიდვების მიმართულებით. ამან საშუალება მოგვცა, მომზადებულები შევხვედროდით ყველა პროექტს, რომელიც დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ 2018 წელს. რეგიონის ფონდიდან, 260 მილიონი ლარის დაფინანსება უკვე გამოყოფილი აქვს რეგიონებს და ამ თანხის 90%-ზე უკვე გამოცხადებული აქვთ ტენდერები, მათ შორის 500 პროექტზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ეს ყველაფერი იმის თქმის საშუალებასა და იმედს გვაძლევს, რომ წლევანდელი წელი იქნება კიდევ უკეთესი, ვიდრე იყო გასული წლის შესრულება. ასევე გვაქვს სტიქიის პრევენციის პროგრამა, სკოლების სარეაბილიტაციო პროექტები, ამბულატორიების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამები, ეს პროგრამებიც ანალოგიური ტემპით მიმდინარეობს. ეს დინამიკა საშუალებას გვაძლევს, ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აქვს, უფრო სწრაფად მოვაგვაროთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.