მაია ცირამუა - შემოთავაზებული მოდელი გამორიცხავს, მანდატური იყოს ადამიანი, რომლის მიმართაც შესაძლოა, მოსწავლეს მაღალი ნდობა ჰქონდეს
ფორმა, რომლითაც დღეს მანდატურის სამსახური შემოგვთავაზეს, აბსოლუტურად გამორიცხავს, მანდატური იყოს ადამიანი, რომლის მიმართაც შესაძლოა, მოსწავლეს მაღალი ნდობა ჰქონდეს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„კონცეპტუალურად უნდა გავიაზროთ, ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ ბავშვების ქცევების შიშით მართვის მექანიზმი გავაცოცხლოთ თუ გარკვეულწილად, კრიზისებისა და გარდაუვალი შემთხვევების მართვის მცდელობა. თუ ვლაპარაკობთ შემთხვევებზე, როცა ბავშვის მიერ თვითდაზიანების ან სხვისი დაზიანების მაღალი რისკი არსებობს, მაშინ შესაძლებელია პროცესის რაღაცნაირად შეჩერება და ზედაპირული დაზიანებაც მოხდეს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, თუ სად ვართ იქამდე, სანამ ბავშვი სკოლაში შეიარაღებული მივა?! სად არის ამ დროს სოციალური სამსახური?! გაოცებული ვარ, რატომ არ ჩანს მთელ ამ პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის როლიც უმაღლესია?!“, – განაცხადა ცირამუამ.
მისი თქმით, ოჯახში შესვლის უფლებამოსილება მხოლოდ სოციალურ მუშაკს აქვს და თუ ჩარევა ოჯახში არ მოხდა, ძალისხმევა ძალიან არაეფექტური იქნება.
„გამოვა ისე, რომ შესაძლოა, სკოლამ თავის კედლებში რაღაც ტიპის ძალადობა და კონფლიქტი შეაჩეროს, მაგრამ ეს სხვაგან იჩენს თავს“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში 2085 მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგი, რომლებმაც, რეფორმის მიხედვით, სკოლებში უნდა იმუშაონ, მაია ცირამუამ აღნიშნა, რომ ქვეყანას ეს რესურსი არ აქვს.
„სკოლის ფსიქოლოგი სპეციფიკურ ცოდნას და უნარებს საჭიროებს და არ ვიცი, ქვეყანაში ასეთი მიმართულებით კადრები რამდენად მზადდება. მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში ბავშვები ძალიან კარგ მომსახურებას იღებენ. უბრალოდ, თუ მანდატურის სამსახური ამ ფუნქციას შეიძენს, ეს უკვე ცალკე უწყებას უნდა დაექვემდებაროს“, – განაცხადა მაია ცირამუამ.
მანდატურების სამსახურის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.