საქართველოში დღევანდელი ეპიდსიტუაცია მართლაც საუკეთესოა, დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვემატება, სამაგიეროდ, მკვეთრად მატულობს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, ანუ დინამიკა არის დადებითი, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
შესაბამისად, მისი თქმით, დღეს თამამად არის შესაძლებელი რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბარი.
„ასევე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ზოგიერთი რეგულაციის შემსუბუქებამ ცუდი შედეგები არ გამოიღო. ნეგატიური შედეგები არ გვაქვს. ამჟამად გადამწყვეტი მომენტი გვრჩება – საზღვრების გახსნა, რომელიც კიდევ ერთი კრიტიკული და სარისკო ნაბიჯი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გარეშე ძალიან გართულდება და ყველა შემთხვევაში, ეს ნაბიჯი გადასადგმელია დიდი სიფრთხილითა და ქვეყნების ჩამონათვალის გაფილტვრით. ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ის, რომ მივიღეთ დღევანდელი საუკეთესო ვითარება, განსაკუთრებით საინტერესოა, თუ საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ“, – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
მისი შეფასებით, ტურისტების შემოსვლა რისკის შემცველია და არ უნდა იყოს ილუზია, რომ უკვე ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და რისკი აღარ არსებობს.
„ტურისტების შემოსვლა ზუსტად ის მომენტია, რომელიც რისკის შემცველი იქნება, რადგან რეალურად ძალიან ბევრ ქვეყანაში ისევ დიდი პრობლემებია კორონავირუსის მხრივ, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ სომხეთში და რუსეთში აღმავლობაა ინფიცირების. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გვქონდეს რაღაც ილუზია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დავასრულეთ და რისკი აღარ გვაქვს. ყოველთვის არის რისკი შემთხვევების აღმავლობის და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს არ მოხდეს შემოსულ ტურისტებთან დაკავშირებით. თუ ინფიცირებული ტურისტები შემოვლენ, შემთხვევების მატება იქნება, ამიტომ მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი საუბრობს, აუცილებლად გასატარებელია. პირველ რიგში, გაფილტვრა ქვეყნების სიის, რომელი ქვეყნებიდან შემოვლენ ტურისტები და რომლიდან – არა. პირველად შემოსვლა უნდა დაიწყოს იმ ქვეყნებიდან, სადაც კონტროლირებადი ეპიდსიტუაცია აქვთ“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
მისი თქმით, ასევე საუბარია ე.წ. კოვიდპასპორტზე, რომელშიც დაფიქსირებული იქნება პაციენტის გამოკვლევის შედეგები ბოლო 48 ან 72 საათში.
„აქ ასევე დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ნამდვილად იმ ქვეყნიდან არის დოკუმენტი წარმოდგენილი, სადაც გამოკვლევები სანდოდ კეთდება. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საზღვარზე შემოსვლისას ჩატარდეს გამოკვლევა, ეს ძალიან მოუხერხებელი გზაა, რადგან საჭირო იქნება ტურისტის შეყოვნება ტესტის პასუხის მიღებამდე. რა თქმა უნდა, ერთეულები იქნებიან ისეთები, რომლებთანაც შეიძლება, გაიპაროს ინფექცია, მაგრამ, ძირითადად, მკვეთრად შემცირდება რისკები“, – აცხადებს ინფექციონისტი.
ამასთან, მაია ბუწაშვილის თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსი წყლით გადამდები ინფექციების რიცხვში არ შედის.
„ფაქტობრივად წყლით გადაცემის რისკი მინიმუმამდე დადის. მდინარეს, ზღვისა და ტბის წყალზე თუ ვისაუბრებთ, აქ იმდენად განზავდება, რომ გადაცემის რისკი უკიდურესად დაბალია. ასევე აუზებში ქლორის კონცენტრაცია საკმარისია იმისთვის, განადგურდეს კორონავირუსი. ზღვის კურორტები და ზოგადად წყალთან დაკავშირებული აქტივობები განიხილება ისე, როგორც სხვა თავშეყრის ადგილები, სადაც ადამიანები ერთად მოიყრიან თავს და იქმნება ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რისკი. ამიტომ ისევ და ისევ სტანდარტული დაცვის საშუალებები, რა თქმა უნდა, პირბადეებზე ნაკლებად შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, მაგრამ ფიზიკური დისტანცირება დარჩება ოქროს სტანდარტად“, – აცხადებს ექიმი-ინფექციონისტი.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სპეცილისტებმა აღნიშნულ საკითხზე რეკომენდაციები უნდა შეაჯერონ.
„მაგალითად, ერთ-ერთი არის გასახდელებისგან თავის შეკავება. რადგან აქ ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია, ასევე უნდა იყოს დაცული დისტანცია. ზღვის სანაპირო გარკვეულად შესაძლოა, ნაკლებ რისკს შეიცავდეს, რადგან ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედება სერიოზული დაცვაა. რაც შეეხება სხვა ინფექციებს, ბევრი წყლისმიერი ინფექცია არსებობს, ასევე კურორტებთან ასოცირებული ინფექციები, როდესაც ადამიანები ერთად იყრიან თავს. განსაკუთრებით ეს არის დიარეული დაავადებები, რომლებსაც არასწორად უწოდებენ ენტეროვირუსულ დაავადებებს. მათი რისკი ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით მაღალია“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
ამასთან, როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ნაკლებმოსალოდნელი იყო, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით კორონავირუსი უკან დაიხევდა, რადგან ტემპერატურის ზემოქმედება აღნიშნულ საკითხში როლს არ ასრულებს.
„როგორც ვიცით, სულ მცირე, ნახევარი საათი სჭირდება 56 გრადუსზე კორონას ინაქტივაციისთვის, შესაბამისად, ჩვეულებრივი ზაფხულის ტემპერატურა ვერაფერს იზამს. რისკი არსებობს გრიპის სეზონთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ გრიპისა და კორონავირუსის თანხვედრა თუ მოხდა, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით და ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის. გრიპი ისედაც მძიმე ტვირთია, არავის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა სეზონზე იწვევს ბევრი ადამიანის ავადობას, გართულებებს, პნევმონიას და თუ მოხდა ამ ორი ინფექციის თანხვედრა, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ამიტომ აქვე თადარიგი უნდა დავიჭიროთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ მცირე, გრიპის პროფილაქტიკა მაინც გავაკეთოთ, ანუ ოქტომბრიდან დავიწყოთ აცრა და უარი არ ვთქვათ გრიპის ვაქცინაზე“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.