მაია ბითაძე - ყველას გვახსოვს დრო, როცა თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა ნაწამები პატიმარი, მაშინ არ გვახსოვს დიდი შეშფოთება პარტნიორებისგან საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობის თაობაზე
ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი თავი, ერთი მხრივ, რუსეთისგან, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, ვცდილობთ, დავიცვათ ის იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა ნაწილიც რუსეთში ცხოვრობს და ასევე ვცდილობთ, დავიცვათ სტაბილურობა და მშვიდობა, რომელიც გვაქვს ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ბითაძის თქმით, ევროპული ინტეგრაცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
„ნამდვილად რთულია საუკეთესო გზის პოვნა, რომ, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და, მეორე მხრივ, ვებრძოლოთ პოლიტიკურ ტურბულენტობას და „ფეიკ ჰედლაინებს“, რომლებიც ძალიან დიდ სივრცეს ფარავს მედიის მეშვეობით. ჩვენ გვახსოვს ყველას, რა ხდებოდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე. ყველას გვახსოვს, როგორი შეგრძნება იყო, ტელეფონზე საუბრისაც რომ გვეშინოდა, ყველა ოჯახი იყო დაზარალებული, თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა პატიმარი, ნაწამები წევრი და მაშინ არ გვახსოვს დიდი შეშფოთება პარტნიორებისგან საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობის თაობაზე. უდიდესი მადლობა, რომ გვეხმარებით, რომ შევცვალოთ ქცევა, რადგან ევროპული ინტეგრაცია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, გთხოვოთ, გაიაზროთ რეალური სიტუაცია, რაც გვაქვს ქვეყანაში, რაც გვაქვს გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ კარი კვლავ ღიაა და იმედია, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა მიგვიყვანს წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსამდე და საბოლოოდ, დეპოლარიზაციამდე, რადგან ყველა ჩვენი პარტნიორის განცხადება იწვევს პოლარიზაციას, არა ყველა, მაგრამ „ფეიკ ჰედლაინები“. მადლობა, ვწუხვარ, რომ ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ, მეორე მხრივ, ნამდვილად გულით მადლიერი ვარ ევროკავშირის, რომ გვეხმარებით ამ 30 წლის განმავლობაში ქცევისა და იმ სტანდარტების შეცვლაში, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონეს აუმჯობესებს“, – განაცხადა ბითაძემ.