მაია ბითაძე - თბილისი 2019 წლიდან ეტაპობრივად გადავა ნარჩენების ადგილზე, ქუჩებსა და სახლებში დახარისხებაზე
სამართლებრივი, საგადასახადო თუ სხვა ბერკეტების გამოყენებით, ასევე მოქალაქეების ჩართულობით, 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ნარჩენების ადგილზე დახარისხებაზე, -ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ გააკეთა.
მაია ბითაძემ ისაუბრა ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც ეფუძნება ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს და ნარჩენების სეპარირებისა და აღდგენის სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
მისივე თქმით, მოქალაქეებს მოუწევთ ნარჩენების დახარისხება, რათა თბილისი უნარჩენო წარმოებაზე გადავიდეს. რაც შეეხება ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა. მერის მოადგილის თქმით, მიზეზი ის პირობებია, რომელიც კომპანიამ მერიასა და საქართველოს მთავრობას შესთავაზა.
„ სამწუხაროდ, ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გაფორმებული იყო, დაწუნებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ, ვერ მოხდა კომპანიასთან შეჯერება ასოცირების ხელშეკრულებისა და სეპარირების ვალდებულების, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული პირობების მიმართულებით. სისტემა, რომელსაც ვქმნით, მთლიანად ევროპულ სტანდარტზეა მორგებული და პირველ რიგში დაფუძნებული იქნება სეპარირების ვალდებულებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სისტემაში უკვე თბილისელებიც უნდა ჩაერთონ და ეტაპობრივად, გარკვეული სამართლებრივი მექანიზმებით უნდა გადავიდეთ ნარჩენის ქუჩებსა და სახლებში სეპარირებაზე“,-განაცხადა მაია ბითაძემ და აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ყველანაირად შეუწყობს ხელს ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურვილი ექნება აწარმოოს ნარჩენების გადამუშავება.
„საბოლოო ჯამში იქნება ნარჩენების რამდენიმე მიმართულება, ეს იქნება შერეული ნარჩენი, პლასტმასის, პოლიეთილენის, შუშის და ე. წ. თუნუქის ნარჩენი, რომლებიც ცალ-ცალკე ექვემდებარებიან გადამუშავებას. ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურვილი ექნება აწარმოოს ნარჩენების გადამუშავება, ანუ ნარჩენების პროდუქტად აღდგენა, სახელმწიფო, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტი ყველანაირად ხელს შეუწყობს. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება“,-განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიას 25 წლის ვადით უნდა განეხორციელებინა თბილისის მთელი ნარჩენების გადამუშავება ისე, რომ დახარისხების ვალდებულება სახელმწიფოს რჩებოდა და კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ პოლიეთილენს, შუშის ბოთლებს და ა.შ. უჩნდებოდათ ვალდებულება, შეეგროვებინათ და გადამამუშავებლისთვის მიეწოდებინათ ნარჩენები, რაც ასოცირების ვალდებულებით გათვალისწინებული სისტემისგან საერთოდ აცდენილი იყო.
„ვფიქრობთ, ნარჩენების მართვის კოდექსი და ის სისტემა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ევროკავშირთან ერთად დაგეგმავს და განახორციელებს, 2019 წლიდან თბილისს მიიყვანს საბოლოო ჯამში, ნოლი ნარჩენების წარმოქმნის პოლიტიკის განხორციელებისკენ. სამართლებრივი, საგადასახადო თუ სხვა ბერკეტების გამოყენებით, ასევე მოქალაქეების ჩართულობით, ჩვენ აუცილებლად, 2019 წლიდან, ეტაპობრივად გადავალთ ნარჩენების ადგილზე, სახლებსა თუ ქუჩებში დახარისხებაზე“,-განაცხადა მერის მოადგილემ.