მაია ბითაძე - ტაქსებზე არც ახლა და არც მომდევნო ეტაპზე არანაირი ყოველთვიური მოსაკრებელი არ წესდება
ტაქსებზე არც ახლა და არც მომდევნო ეტაპზე არანაირი ყოველთვიური მოსაკრებელი არ წესდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის შეკითხვაზე, ოთხი წლის განმავლობაში დაწესდება თუ არა ტაქსებზე მოსაკრებელი ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, სადაც საქმიანობის ლიცენზია საკმაოდ ძვირი ღირს, მაია ბითაძემ თქვა, რომ ასეთი რამ არ იგეგმება.
„ვიცით, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში საქმიანობის ლიცენზია 20 000 დოლარი ღირს, ზოგან 15 000 და ასე შემდეგ, მაგრამ ეს საქართველოსთვის არარეალურია. ამ წუთში, მსგავსი მონახაზი საერთოდ არ გვაქვს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რეგულაციების შედეგად, მოუწევთ თუ არა მანქანების გაჩერება ადამიანებს, ვისთვისაც საკუთარი ავტომობილებით მგზავრების მომსახურება ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, ან მათ, ვინც სამსახურის შემდეგ ტაქსაობს, მაია ბითაძემ თქვა, რომ რეგულაციები მსგავს საფრთხეს არ შეიცავს.
„რეფორმის არც პირველ და არც მეორე ეტაპზე მსგავსი საფრთხე რამდენიმე მიზეზის გამო არ არსებობს. არ წესდება არანაირი ყოველთვიური გადასახადი, მოსაკრებელი, საფასური; პირადობისა და ავტომობილის მართვის მოწმობის წარდგენით ადამიანს თბილისის მასშტაბით გადაადგილებისა და მგზავრთა გადაყვანის უფლება ენიჭება; ადამიანი არანაირად არ იზღუდება, დღის განმავლობაში სხვა საქმიანობით დაკავდეს და ნებართვის აღების შემთხვევაში, თავისუფალ დროს მგზავრების გადაყვანაც უზრუნველყოს. შესაბამისად, არანაირი საფრთხე არ არსებობს, მათი მანქანები გაჩერდეს“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.