მაია ბითაძე - ტაქსების რეგისტრაცია მარტივი და იაფი პროცედურა იქნება
ტაქსების ავტორიზაცია თავის თავში გულისხმობს ნებართვას ან ლიცენზიას, რომლის მიზანი არის აღრიცხვიანობა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი გულისხმობს რეგისტრაციის ძალიან მარტივ ფორმას, რომელიც სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემით მოხდება.
მისივე განცხადებით, ეს იქნება მარტივი და იაფი პროცედურა.
„როდესაც ვამბობ იაფი, ვგულისხმობ, რომ იქნება ადმინისტრაციული დანახარჯების თანხა, როგორც მაგალითად პასპორტს ან პირადობას ვიღებთ. მეორე ეტაპის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მაგრამ პირველ ეტაპს ვიდრე არ დავასრულებთ, ვერ ვიტყვით, მეორე ეტაპისთვის რომელ ვარიანტს შევარჩევთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
დედაქალაქის მერის მოადგილის განმარტებით, ტაქსები თუ არ გაივლიან რეგისტრაციას, ეს იქნება უკანონო საქმიანობა.
„ბუნებრივია, ასეთ დროს იქნება ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს კანონს, რომელიც დაადგენს საფუძვლებს, რომ საკრებულომ შესაბამისი აქტი გასცეს და დაიწყოს ნებართვების გაცემა, ანუ აღრიცხვიანობა, უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა.
„თუ არ იქნება აღრიცხული ეს სეგმენტი ( ტაქსები), უკვე ეტაპობრივად დავიწყებთ იმ სურათის შედგენას, რომელიც გადაგვიყვანს რეფორმის მეორე ეტაპზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, რეფორმის ამ ეტაპზე ჩართული არიან უცხოელი პარტნიორები, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში უწევს დახმარებას.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს მიერ იქნება მიღებული, პირველ რიგში იქნება შეჯერებული საზოგადოების დაინტერესებულ სპექტრთან და მეორე- დაეყრდნობა იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს მსგავს, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს აქვთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.