პირველი ნოემბრიდან ტაქსების უნებართვო საქმიანობა იქნება დასჯადი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტაქსების კომპანიებს რეგულაციები არ უწესდებათ.
„ტაქსების კომპანიებისთვის არანაირი რეგულაციები არ დგება. რაც შეეხება ზოგადად, ტაქსების რეგულირებას და სატრანსპორტო პოლიტიკას, მომავალ კვირას გვექნება სრულმასშტაბიანი პრეზენტაცია, თუ რას ვგეგმავთ სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიან ჭრილში განხილვის თვალსაზრისით. რაც შეეხება ტაქსების რეგულირებას, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უკვე ძალაშია შესული და პირველი ნოემბრიდან უნებართვო საქმიანობა იქნება დასჯადი.
ამჯერად, უკვე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი კვირის ბოლოს საკრებულოში განსახილველად გავაგზავნით იმ დოკუმენტს, რომელიც განვიხილეთ ტაქსების კომპანიების, ბიზნესს ომბუდსმენისა და შესაბამისი პროფკავშირების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომელიც განსაზღვრავს ტაქსების რეგულირების პირველ ეტაპს, განებართვიანებას მარტივი ფორმით. დაახლოებით 50-დან 100 ლარამდე ეღირება ჰიბრიდულ და ჩვეულებრივ ავტომობილებზე ერთჯერადი ტაქსის ნებართვა, რომელიც მძღოლმა მუდმივად თან უნდა იქონიოს. იქნება ნულოვანი განაკვეთი ელექტროავტომობილებისთვის. მძღოლის ვალდებულება იქნება, რომ ავტომობილზე განათავსოს ყვითელი მანიშნებელი ნიშანი სახურავის შუა ნაწილზე და აუცილებლად, ამავე ეტაპზე იქნება ცნობილი, თუ რა მოეთხოვებათ მძღოლებს უკვე 2019 წლის ბოლოდან, ვსაუბრობ ერთიან ვიზუალსა და მარჯვენასჭიან ავტომობილებზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.