მაია ბითაძე - სწრაფად გამოჩნდება შედეგები, რასაც ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამის განხორციელების კუთხით დავდებთ
სწრაფად გამოჩნდება შედეგები, რასაც ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამის განხორციელების კუთხით დავდებთ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა მაია ბითაძემ განაცხადა.
„მე ვიქნები ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც დაეხმარება გუნდს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში. იმ შვიდი მიმართულებიდან, რომელიც იყო პროგრამაში, გარემოს დაცვას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ვიდრე მოადგილეები შევუდგებით უფლებამოსილებას, გარკვეული სამართლებრივი პროცედურებია გასავლელი. შესაბამისად, საქალაქო სამსახურებთან ერთად, მოადგილეების დამტკიცების შემდეგ, მომავალი კვირიდან შევუდგებით საქმიანობას და ვფიქრობთ, სწრაფად იქნება დასანახი ის შედეგები, რასაც ჩვენ დავდებთ წინასაარჩევნო პროგრამის განხორციელების კუთხით. ამას უნდა უძღოდეს დიდი მუშაობა საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად გამოყენების კუთხით, ზოგადად მერიის და მთელი მისი სისტემის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით და მთავარი პრიორიტეტების შესრულების თვალსაზრისით“,- განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, როგორც წინასაარჩევნო დაპირებაში იყო აღნიშნული, აუცილებლად გატარდება სტრუქტურული რეფორმები და სტრუქტურული ოპტიმიზაცია.
„ძალიან დიდია ის სისტემა, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი მართავს, როგორც საქალაქო სამსახურების, ისე იურიდიული ფორმის ორგანიზაციების თვალსაზრისით. შესაბამისად, ის სტრუქტურული რეფორმები და სტრუქტურული ოპტიმიზაცია, რომლის მთავარი მიზანი იქნება ბიუროკრატიული მანქანის ოპტიმიზაცია, რა თქმა უნდა დაპირებისამებრ შესრულდება. უახლოეს მომავალში ზუსტად იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი ის ძირითადი მიმართულებები, თუ როგორ განხორციელდება ბიორაკრატიული მანქანის ოპტიმიზაცია“, – აღნიშნა ბითაძემ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერი და მერის მოადგილეები წარადგინა.