მაია ბითაძე - სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბავშვურ თამაშს ჰგავს, როგორც პრეზიდენტს და ქალბატონს ვთხოვ, ქვეყანას დამატებით ზიანს ნუ აყენებს
მაია ბითაძე - სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბავშვურ თამაშს ჰგავს, როგორც პრეზიდენტს და ქალბატონს ვთხოვ, ქვეყანას დამატებით ზიანს ნუ აყენებს

სტრასბურგში ვიზიტი რამდენიმე დღეში იყო დაგეგმილი. პრეზიდენტის განცხადება სამწუხაროა და ცოტა ბავშვურ თამაშს ჰგავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილს თხოვნით მიმართავს, ქვეყანას დამატებით ზიანს ნუ აყენებს.

„მთავრობამ განმარტა, რომ თანხმობა დროზე გასცა. საუბარია ბიუროკრატიულ პროცესებზე, რაც კარგად არის ცნობილი. შარშან პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევა რამდენიმე საათით ადრე გვთხოვა, რაც ბევრი ადამიანის მობილიზებასთან არის დაკავშირებული და ეს არც ისე მარტივია. მთავრობისგან თანხმობას რამდენიმე დღით ადრე როცა იღებ, მგონი, ფუჭი და ზიანის მომტანია შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ვთხოვ, როგორც პრეზიდენტს და ქალბატონს, ჩვენს ქვეყანას დამატებით ზიანს ნუ აყენებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო ვიზიტი სტრასბურგში. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.