მაია ბითაძე - შესაძლებელია, თბილისში ტაქსებისთვის ერთნაირი ფერი განისაზღვროს, რაც დედაქალაქის სახე იქნება
მაია ბითაძე - შესაძლებელია, თბილისში ტაქსებისთვის ერთნაირი ფერი განისაზღვროს, რაც დედაქალაქის სახე იქნება

მაქსიმალურად მკაცრი ვიქნებით იმ კუთხით, რომ რეფორმის მეორე და მესამე ეტაპისთვის სამარშრუტო ტაქსებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული იყოს, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„თუ ვითხოვთ, რომ ეს ნორმები ავტობუსებში იქნას დაცული, რატომ არ უნდა დავიცვათ ტაქსიში, რომელიც ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტია?!“, – განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, შესაძლებელია, მერიის ხელმძღვანელობამ ასევე გაითვალისწინოს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა, როცა მძღოლს ქუჩების ცოდნა მოეთხოვება.

„მაქსიმალურად ვეცდებით, საერთაშორისო პრაქტიკა გავიზიაროთ. თუმცა – არა კოპირებით. გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში გვაქვს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, რეფორმის მეორე და მესამე ეტაპისთვის შესაძლებელია, თბილისში მოძრავი ტაქსებისთვის ერთნაირი ფერი განისაზღვროს, რაც დედაქალაქის სახე იქნება.

მაია ბითაძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარეს, დავით მესხიშვილსაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ ქალაქში ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გაიმართოს და ტაქსებზე სხვადასხვა რეგულაციები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოვიღოთ, რათა მოქალაქეებს მგზავრობა არ გაუძვირდეთ.

„პირველი, რაზეც სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მუშაობა დავიწყეთ და რაც 2018 წლის ბიუჯეტში უკვე ასახულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაა. საუბარია 4 წლის განმავლობაში ძველი ავტოპარკის მთლიანად ჩანაცვლებაზე, მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე, შემადგენლობების დამატებაზე და ა.შ. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთელ შემადგენლობას პრიორიტეტული გადაადგილების საშუალება მიეცემა და ადამიანი იგრძნობს, რომ მას ტაქსიში, თუ საკუთარ ავტომობილში ჯდომას საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯდომა ბევრად ურჩევნია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.