მაია ბითაძე - სატრანსპორტო პოლიტიკის სისტემის მოწესრიგება გარკვეული შეზღუდვებისა თუ რეგულაციების გარეშე შეუძლებელია
მაია ბითაძე - სატრანსპორტო პოლიტიკის სისტემის მოწესრიგება გარკვეული შეზღუდვებისა თუ რეგულაციების გარეშე შეუძლებელია

სატრანსპორტო პოლიტიკა თავის თავში რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და გარკვეული შეზღუდვების, თუ რეგულაციების გარეშე მთლიანი სისტემის მოწესრიგება შეუძლებელია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ამ მთლიანი სისტემის განუყოფელი ნაწილია ე.წ M1 კატეგორიის ტაქსების, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება და მათთვის რეგულაციების შემოღება“, – განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, რეფორმა ორ ან სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს.

„პირველ ეტაპზე მოხდება მათი რეგისტრაცია, ვინც ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. ამისთვის, ადამიანმა უნდა წარადგინოს პირადობისა და ავტომობილის მართვის მოწმობა. პირველ ეტაპზე ნებართვას ყველა მიიღებს, ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ვალდებულებების გარეშე“, – განაცხადა ბითაძემ.

მაია ბითაძემ ასევე განაცხადა, რომ პირს, რომელიც ამ სფეროში საქმიანობას გააგრძელებს, ერთადერთი ვალდებულება ექნება – ავტომობილის მართვის დროს თან იქონიოს ნებართვა და მანქანა აღჭურვოს ტრაფარეტით, რათა მისი იდენტიფიცირება მოხდეს.

„ერთადერთი, რაც ადამიანს ფინანსური კუთხით ექნება გასაღები, ეს არის ნებართვის ერთჯერადი საფასური, რაც ძალიან მინიმალური იქნება“, – განაცხადა ბითაძემ.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, რეფორმის მეორე ეტაპი გაცილებით კომპლექსური იქნება.

„დეტალური მუშაობის პროცესში აქტიურად ვიმუშავებთ როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე პროფკავშირებთან, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამ სეგმენტთან მუშაობენ, რათა მაქსიმალურად იყოს დაბალანსებული ჩვენი გადაწყვეტილებები, რომელსაც მეორე ეტაპისთვის მივიღებთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.