მაია ბითაძე - სამარშრუტო ტაქსების ოპერატორებს სანებართვო პირობების შესრულება მკაცრად მოეთხოვებათ
მაია ბითაძე - სამარშრუტო ტაქსების ოპერატორებს სანებართვო პირობების შესრულება მკაცრად მოეთხოვებათ

სამარშრუტო ტაქსების ოპერატორებს სანებართვო პირობების შესრულება მკაცრად მოეთხოვებათ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „მოამბეს“ განუცხადა. როგორც მერიაში აცხადებენ, მოქალაქეთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების უზრუნველყოფა პრიორიტეტია.

მაია ბითაძის თქმით, მიმდინარე კვირაში მიკროავტობუსების ოპერატორებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც სანებართვო პირობების შესრულების ვალდებულებაზე ისაუბრებენ. ასევე, მერიაში აცხადებენ, რომ იგეგმება აღსრულების მექანიზმების გააქტიურება და გამკაცრება.

,,ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მერიამ დააანონსა, რომ წლევანდელი წელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებას მიეძღვნება. შესაბამისად, მერია გეგმავს ავტობუსების პარკის განახლებას, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა უფრო კომფორტულად იმგზავრონ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორც “მოამბესთან“ ინტერვიუში თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, შემუშავებულია ძალიან მკაფიო და მკაცრი პოლიტიკა იმ სამარშრუტო ტაქსების კომპანიებთან მიმართებით, რომლებიც ოპერირებენ დედაქალაქში. ბითაძის თქმით, ის უკმაყოფილება, რაც მოქალაქეებს აქვთ, ბუნებრივი და ადეკვატურია.

„ჩვენი პოლიტიკა სამარშრუტო კომპანიების ოპერატორებთან მიმართებაში ერთმნიშვნელოვნად ძალიან მკაცრია. ჩვენ მომავალ კვირასაც განმეორებით ვგეგმავთ კომპანიების მფლობელებთან შეხვედრას, რათა მათ იცოდნენ ჩვენი პოზიცია, თუ რა მოთხოვნები ექნება მერიას სანებართვო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. სანებართვო პირობები, მათ შორის, მოიცავს მგზავრთა უსაფრთხოებას და მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომელიც ითვალისწინებს სანებართვო პირობების გათვალისწინებას. ამ ეტაპზე სულ ოთხი კომპანია ოპერირებს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების მიერ არ იქნება ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული, ჩვენ გავატარებთ მკაცრ, კანონმდებლობით და სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“, – განაცხადა ბითაძემ.

მაია ბითაძემ მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, მოძრაობის წესების დარღვევა ქმნის პრობლემებს არა მგზავრთა კომფორტული გადაადგილების, არამედ უსაფრთხოების კუთხით.

„ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები კომპანიების წარმომადგენლებთან, რათა მათ მოთხოვონ მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვა. ამ შემთხვევაში, ეს არის ჩვეულებრივი კანონდარღვევა და ვფიქრობთ, რომ საპატრულო პოლიციასთან ერთად შევძლებთ, წესრიგში მოვიყვანოთ ოპერატორები. რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, ძალიან ბევრი რამე არის დადგენილი კანონით და სანებართვო პირობებით. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკაა, რომ აღსრულების ნაწილში ვიყოთ ძალიან მომთხოვნები. ვიქნებით ძალიან მკაცრები ყველა ლიცენზიის მფლობელის მიმართ, რომელიც ოპერირებს მერიის ქვეშ. ეს არის ჩვენი მკაფიო ხედვა, რომელიც არ გადაიხედება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.