მაია ბითაძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ რადიკალური ოპოზიცია რეალურად ერთმანეთში ვერაფერზე თანხმდება, განწირულები არიან დამარცხებისთვის
სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ, ეს არის რადიკალების პროცესი მონაწილეობით, რომელიც აბსოლუტურად მართულია სხვა ქვეყნებიდან, სხვა ძალებიდან, მათი ინტერესია, ამ ქვეყნის სათავეში მოიყვანონ სწორედ რადიკალური მარიონეტული ხელისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია რეალურად ერთმანეთში ვერაფერზე ვერ თანხმდება.
„ისინი განწირულები არიან დამარცხებისთვის. სალომე ზურაბიშვილის როლი, როგორც პოლიტიკოსის გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციურია, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს იმას, რომ არანაირი გრძნობები საკუთარი სამშობლოს მიმართ არ აქვს, ის არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. თვითონ ძალიან კარგად იციან, რომ არა თუ წარმატების ან მოგების, არამედ ბარიერის გადალახვის ძალიან დიდი პრობლემა აქვთ, არ აქვთ იმედი, რომ რაიმეზე შეთანხმდებიან ერთმანეთთან. რაღაც კოალიციურ მმართველობაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ელემენტარულ პრინციპებზეც ვერ შეჯერებულან. ისინი თვითონვე აღიარებენ სალომე ზურაბიშვილის პირით, რომ არანაირი შანსი არ აქვთ გამარჯვების“, – განაცხადა ბითაძემ.
მაია ბითაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არღვევს არა თუ ეროვნულ სამართალს, არამედ გერმანიის სამართალსაც.
„ის პირდაპირ ეწევა პოლიტიკურ აგიტაციას, რაც გერმანული კანონმდებლობის მიხედვით ცალკე რეგულირდება. ისიც საკითხავია, აქვს თუ არა რაიმე ნებართვა აღებული გერმანიის მთავრობის მხრიდან, რომ ეწევა პარტიულ აგიტაციას საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ატარებს გაურკვეველ ტურნეს ევროპულ სახელმწიფოებში. საბოლოო ჯამში ვნახავთ, რომ კრახით დასრულდება ეს ტურნეც და შავ ლაქად დარჩება სალომე ზურაბიშვილის კარიერაში“, – განაცხადა ბითაძემ.