მაია ბითაძე - სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ყოველდღე არღვევს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სწორია, რათა ამომრჩეველთან პირნათელი ვიყოთ
პრეზიდენტი კონსტიტუციას ყოველდღე არღვევს, შესაბამისად, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სწორია, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურა აუცილებლად უნდა დაიწყოს.
„დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად დამტკიცებული იქნება. მისი მხრიდან კანონისა და კონსტიტუციის დარღვევა გამოიხატება დაწყებული წინასაარჩევნო რადიკალურ კამპანიაში მონაწილეობით, დასრულებული ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით. სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გაიმარჯვა და იმისათვის, რომ ამომრჩეველთან პირნათელი ვიყოთ, სამართლებრივი პროცედურა აუცილებლად უნდა დაიწყოს. სალომე ზურაბიშვილს არაფერი ევალებოდა, გარდა იმისა, რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ებრძოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. მისგან საპირისპირო დავინახეთ – სხვა ქვეყნების ან რადიკალური ოპოზიციის პირდაპირი წარმომადგენელია, რომელიც არათუ ხელს უწყობდა ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებას, არამედ არ ინტერესდებოდა იმ შეფასებებით, რითაც ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში იყო ჩართული. ახლა ამ ყველაფრის პიკს ვხედავთ. სალომე ზურაბიშვილი დარჩება პრეზიდენტად, რომელიც ამ სახელმწიფოს ძირს უთხრის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.