მაია ბითაძე - სახელმწიფომ ერთიანი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, როგორ მოხდება ქუჩების სახელდება დაღუპული გმირების პატივსაცემად
სახელმწიფომ ერთიანი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, როგორ მოხდება ქუჩების სახელდება იმ გმირების პატივსაცემად, რომლებიც, სამწუხაროდ, არასაომარი მდგომარეობის დროს დაიღუპნენ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს პეტიციის შესახებ განუცხადა, სადაც მოქალაქეები თბილისის მერიას მიმართავენ, რომ მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი ეწოდოს.
ბითაძის განცხადებით, თბილისის მერიის პოზიციაა, რომ ყველა გმირის სახელი დაფასდეს.
„საკრებულოს კომპეტენციაა და სჯობს საკრებულოსთან გავიაროთ ეს საკითხი. ზოგადად, მერიის პოზიციაა, რომ ყველა გმირის სახელი დაფასდეს. სამწუხაროდ, გარდა ტატუნაშვილისა, გვყავს კიდე სხვა გმირები, მათ შორის ანწუხელიძე. შესაბამისად, ამ კონტექსტში, სახელმწიფომ ერთიანი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, როგორ მოხდება ქუჩების სახელდება იმ გმირების პატივსაცემად, რომლებიც, სამწუხაროდ, არასაომარი მდგომარეობის დროს დაიღუპნენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
Manifest.ge-ზე პეტიცია გუშინ გავრცელდა, რომლითაც ხელმომწერები თბილისის მერიისგან ითხოვენ, მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას.
„მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ, როდესაც მოსკოვის გავლენიდან გამოდის“, – ნათქვამია Manifest.ge-ზე განთავსებულ პეტიციაში.