მაია ბითაძე - ოპოზიციის მხრიდან აბსურდს ვისმენთ, თითქოს ხალხის მიერ არჩეულ ძალას სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, რათა პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს, ეს არის მავნებლობა
ოპოზიციის მხრიდან აბსურდს ვისმენთ, თითქოს ხალხის მიერ არჩეულ ძალას სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, რათა პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, ეს არის მავნებლობა.
„გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, სიცრუეში აცხოვრონ საქართველოს მოსახლეობა, მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არა მხოლოდ საქართველოს სამართლებრივ სისტემას, არამედ, ზოგადად, საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს.
მათი მხრიდან აბსურდული ინფორმაცია გვესმის, თითქოს ოპოზიციის ლეგიტიმაცია სჭირდება ხალხის მიერ არჩეულ ძალას, რათა პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს. ეს არათუ არაპროფესიონალიზმი, არამედ მავნებლობაა, რომელიც მიმართულია საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, საქართველოსთვის ძირის გამოსათხრელად. ამას გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება.
კონსტიტუციონალისტები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის აზრებს იზიარებენ, ისინიც კი ვერ ადასტურებენ, რომ ნამდვილად ასეა. საქმე გვაქვს სამართლებრივ აბსურდთან, რომელიც გვესმის არაპროფესიონალი, რადიკალი ვითომ იურისტებისგან, მეორე მხრივ, ეს მიზნად ისახავს, მოსახლეობა მუდმივ სტრესსა და სიცრუეში ამყოფონ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.