მაია ბითაძე - ოპონენტებს მოვუწოდებთ, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები შეისმინონ, პარლამენტში შემოვიდნენ, ბევრი საქმეა გასაკეთებელი
ოპონენტებს მოვუწოდებთ, პარლამენტში შემოვიდნენ, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მაია ბითაძის თქმით, ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები უნდა მოისმინოს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე თვის თავზე, კვლავ ერთსა და იმავე საკითხს ვტკეპნით. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია, რომ არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, იყო გარკვეული მითითებები ხარვეზებზე, რასთან დაკავშირებითაც საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. ამ პროცესში ჩართულია საპარლამენტო ოპოზიცია. ოპონენტებს მოვუწოდებთ, პარლამენტში შემოვიდნენ, ბევრი საქმეა გასაკეთებელი. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები შეისმინონ და ნუ ასხამენ საქართველოს მტრების ცეცხლზე ნავთს ყოველდღე“, – განაცხადა ბითაძემ.