მაია ბითაძე - ნიკა მელიას საშუალება ჰქონდა, პარლამენტში ემუშავა ყოველგვარი ცირკის და სამაჯურის გადაგდების გარეშე, თუმცა მან კანონი კიდევ ერთხელ დაარღვია
ნიკა მელიას საშუალება ჰქონდა, პარლამენტში ემუშავა ყოველგვარი ცირკის და სამაჯურის გადაგდების გარეშე, თუმცა მან კანონი კიდევ ერთხელ დაარღვია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმით რადიკალური ოპოზიცია სპეკულაციას ეწევა და საზოგადოებაში აჟიოტაჟის შექმნას ცდილობს.
„კანონმდებლობა საერთოა ყველასთვის. გაუგებარია, თუ ნიკა მელიას მიმართ კანონი ლმობიერი უნდა იყოს და გირაოს არ იხდის, რა პასუხი უნდა გავცეთ, 500-მდე ადამიანს, ვის მიმართაც სამაჯურია გამოყენებული? საქმე გვაქვს პოლიტიკურ ცირკთან, რომლის დადგმის სურვილი აქვს ნიკა მელიას. მას საშუალება ჰქონდა, რომ პარლამენტში ემუშავა და თავისი უფლებამოსილება განეხორციელებინა ყოველგვარი ცირკის და სამაჯურის გადაგდების გარეშე. მან არათუ საკუთარი უფლებამოსილება არ შეასრულა, არამედ კანონი კიდევ ერთხელ დაარღვია და პროკურატურის ლმობიერი დამოკიდებულება არ გამოიყენა, რასაც გირაოს გადახდა ჰქვია. მიზნობრივად ცდილობს აჟიოტაჟის შექმნას, მას მხარს უბამს რადიკალური ოპოზიცია. მომსწრე ვართ იმის, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ.
ნიკა მელიას საშუალება აქვს, გირაო გადაიხადოს. რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, არის პოლიტიკური სპეკულირება. შეეშვან ცირკის და სპექტაკლების დადგმას. ეს კიდევ ერთი შანსია ოპოზიციისთვის, ეცადონ და დაელოდონ, ბევრი ხალხის ქუჩაში გამოსვლას. პოლიტიკური თამაშები არ არის კავშირში სამართალთან. სამართალი და პოლიტიკა ხანდახან უნდა გავმიჯნოთ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, კანონდარღვევას პოლიტიკოსი ჩაიდენს, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე თუ მხატვარი, კანონი ყველას მიმართ ერთნაირია“, – განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, სერგეი გავრილოვის გუშინდელი განცხადება სწორედ რადიკალურ ოპოზიციას აძლევს ხელს.
„გავრილოვის გუშინდელი განცხადება ძალიან დროულია და ხელს აძლევდა რადიკალურ ოპოზიციას. ყოველთვის, როცა ასეთი რამე ხდება, ერთ ხმაშია მათთვის სასარგებლო განცხადებები. რადიკალურ ოპოზიციას ძალიან სწყინს და რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება, ეს გულს უხეთქავს ოპოზიციას და სავარაუდოდ, მხარდამჭერ სუბიექტებს რუსეთში. შორიდან რომ შევხედოთ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იკვრება. ევროსაბჭოში განცხადება გაკეთდა, რომ რადიკალური ოპოზიცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს. ნათლად უნდა დაინახოთ მედიამ, რომ საქმე გვაქვს დიდ პოლიტიკურ თამაშთან, რომლის სათავეში დგას რადიკალური ოპოზიცია, რომელიც თავად დაშლის პირასაა და ცდილობს, პოლიტიკური ცირკით ის საქმე გააკეთოს, რაც გავრილოვმა გააკეთა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის კომენტარი ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციის და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ, შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“.